ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლებას იტოვებსო, განაცხადა ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტმა რობერტო კალენდამ, როდესაც კლუბის ტიკ-ტოკის ოფიციალურ(!) გვერდზე მისი კლიენტის დამცინავი ვიდეო ნახა. ამ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ.
როდესაც ბოლონიაში სატელევიზიო კამერებმა მწვრთნელ რუდი გარსიასთან მისი შელაპარაკება გადაიღო, ოსიმენი ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთელმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც გარსიამ ის ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა, აღშფოთება გამოხატა — ფრანგს ჭკუის სწავლება დაუწყო, ორი თავდამსხმელით თამაშზე უნდა გადავსულიყავითო. შეგახსენებთ, რომ მატჩი 0:0 დასრულდა.
შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ოსიმენმა მწვრთნელს ბოდიში მოუხადა, რამაც კლუბში შექმნილი არასახარბიელო ვითარება თითქოს ჩააცხრო, მაგრამ ტიკ-ტოკზე დადებულმა დამცინავმა ვიდეომ ყველაფერი ყირაზე დააყენა.
კალენდა: „ის, რაც დღეს „ნაპოლის” ოფიციალურ პლატფორმაზე დაიდო, მიუღებელია. ვიდეო, რომელშიც ვიქტორს დასცინიან, ჯერ ყველამ ნახა და მხოლოდ ამის შემდეგ წაშალეს. ეს სერიოზული ფაქტია, რომელიც ზიანს აყენებს მოთამაშეს და ემატება ცუდი მოპყრობის შემთხვევებს, რომეთაც ბიჭი ბოლო პერიოდში მედიისა და ყალბი-ცნობების გამო გადაეყარა. ამიტომ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ სარჩელი და წამოვიწყოთ ნებისმიერი სასარგებლო ქმედება ვიქტორის დასაცავად”.
ვიდეოზე ოსიმენი უცხო ადამიანის წვრილი ხმით ჯერ პენალტს ითხოვს, შემდეგ კი ბურთს მიზანს აცილებს.
ჩვეულებრივ, ფეხბურთელები და მათი აგენტები კლუბებს არ უჩივიან. ასეთი რამ უკიდურესი იშვიათობაა. არც ის უნდა დაგვავიწყებს, რომ მრავალთვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ოსიმენს „ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტზე ხელი ჯერაც არ მოუწერია. მის ძველი ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ივნისში გასდის.