იტალია წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყანაა. ასეა ყველაფერში, მათ შორის ფეხბურთსა და სპორტულ ჟურნალისტიკაში, სადაც 1896 წლიდან გამომავალი „გაძეტა დელო სპორტი” მართალია მთელს ქვეყანაში უზომო პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მილანური კლუბების ინტერესებს გამოხატავს, „კორიერე დელო სპორტი” რომაულ კლუბებს მფარველობს, ხოლო „ტუტოსპორტი” ტურინულია. ამიტომაც არის, რომ ნეაპოლურ მედიაში „ცენტრალურ” გაზეთებსა და გამოცემებს ხშირად აკრიტიკებენ.
მაგალითად, „გაძეტა დელო სპორტის” კრიტიკით აღსავსე წერილი დაწერა პორტალმა napolipiu-მ, რომელიც ჩივის, რომ როდესაც საქმე რუდი გარსიას ეხება, მილანური გაზეთი მკაცრ ტონს არ იშურებს. „გაძეტამ” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამბობს, რომ ფრანგმა მწვრთნელმა დაშალა ის „ნაპოლი”, რომელმაც შარშან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მის სანაცვლოდ კი კონსტრუქციული ვერაფერი გააკეთა.
„ერთი წლის წინ კვარა და ოსიმენი მოედანზე სიმფონიას ქმნიდნენ, დღეს კი წვალობენ, რადგან „ნაპოლის” თამაშის განვითარება სხვანაირია, შარშანდელთან შედარებით არათანმიმდევრული. გუნდი სირთულეებს განიცდის და მწვრთნელი მალე უნდა მიხვდეს, როგორ ჩაერიოს საქმეში. გარსია დღეს დე ლაურენტისის მხარდაჭერას გრძნობს, მაგრამ საკმარისია ცხრილში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს ჩამორჩეს ან დეკემბერში, ლიგის მერვედფინალში ვერ გავიდეს, რომ მეპატრონის დამოკიდებულება შეიცვლება”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”, napolipiu კი პასუხობს:
„ჩნდება კითხვა: რატომ არის „გაძეტა” ასეთი მკაცრი გარსიას მიმართ და გაცილებით რბილი „იუვენტუსის” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის, „მილანის” თავკაცის სტეფანო პიოლის ან „ინტერის” სიმონე ინძაგის მიმართ?
„გაძეტა” გარსიას დაუნდობლად აკრიტიკებს, და ასახელებს სამ საეჭვო ცვლილებას, რომელიც „ნაპოლის” თავკაცმა ბოლო შეხვედრებში განახორციელა. ის ლაპარაკობს ნეაპოლელთა სეზონის საშინელ დასაწყისზე, მაგრამ მაშინ, როდესაც გარსია სამარცხვინო ბოძზე ჰყავს გაკრული, ალეგრი და პიოლი როგორც ჩანს პრივილეგიებით სარგებლობენ.
ალეგრი, რომელიც ბოლო ორი წელიწადია „იუვენტუსს” უდგას სათავეში, ვერა და ვერ აღწევს დამაჯერებელ შედეგებს, მაგრამ „გაძეტა” ყოველთვის პოულობს მისი გამართლების შესაძლებლობას.
ინძაგის გუნდი დღეს ლიდერია, მაგრამ „ნაპოლის” მწვრთნელისგან განსხვავებით ის არც ადრე მოხვედრილა „გაძეტას” საკანში. თვით ყველას მომჯადოებელი ლუჩანო სპალეტი კი ყოფილა მისი სამიზნე.
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ბოლონიასთან” თამაშის შემდეგ „ტვიტერზე” დაწერა: „ბრავო ყველას”. ამის გაგონებაზე „გაძეტამ” ეჭვი გამოთქვა, რომ დე ლაურენტისმა ალბათ მარტო ანგარიში გაიგო, რომელიც სხვათა შორის ასევე არ იყო მაინცდამაინც მოსაწონი. ბოლონიაში 0:0-ის შედეგად „ნაპოლიმ” ბოლო სამ შეხვედრაში ორად-ორი ქულა მოიპოვა და ლიდერ „ინტერს” 7 ქულით ჩამორჩება”.
დასკვნის სახით napolipiu წერს, რომ „გაძეტა დელო სპორტს” ორმაგი სტანდარტი აქვს, რაც მის სარედაქციო პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.