„დალარაზე” ნაჩვენები ერთი შეხედვით უკეთესი თამაში საკმარისი არ გამოდგა. „ნაპოლი” ბოლონიიდან ბურუსში გახვეული დაბრუნდა. ფრემ ცხრილში მდგომარეობა გაართულა. ხუთი ტურის შემდეგ „აძური” 8 ქულით მე-7 ადგილზეა. დაამატეთ ამას სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო დაძაბულობა კვარაცხელიასა და ოსიმენთან, რომელმაც მას მერე, რაც სამი ქულის ტოლფასი პენალტი ვერ გაიტანა, შეცვლის გამო თავისი აღშფოთება გამოხატა. გუნდი მძვინვარე კრიტიკის ობიექტად იქცა, მთავარი სამიზნე კი რუდი გარსია გახდა. 

ოთხი საკვანძო შეხვედრა – გარსია ჯერ კიდევ ვერ შეგუებია ნეაპოლურ გარემოს და გასახდელს. ბოლოს ის „ბოლონიასთან” 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში ოსიმენისა და კვარაცხელიას შეცვლის გამო გააკრიტიკეს. თან მან კვარაცხელია იმ მომენტში შეცვალა, როდესაც ქართველს თამაში წაუვიდა. „ვგრძნობ თუ არა ფეხბურთელების ნდობას? ეს კითხვა მე კი არა, მათ უნდა დაუსვათ”, — უპასუხა ფრანგმა, როდესაც ჟურნალისტებმა სიტყვა გუნდში სადავეების დაკარგვაზე ჩამოუგდეს.

ფაქტია, რომ მან გულშემატკივართა ნაწილის ნდობის დაკარგვაც იგრძნო. ფანებმა სოციალურ ქსელებში შექმნეს ჰეშტეგი #GarciaOut. „ჩვენ ვერ დავუგდებთ ყურს მყვირალა უმცირესობას, რადგან უმრავლესობა „ნაპოლის”, მის მოთამაშეებსა და მწვრთნელს უჭერს მხარს. შემდეგ შეხვედრებში თქვენ ნახავთ, როგორც იქცევიან სირთულეების წინაშე აღმოჩენილი კაცები”, — თქვა მწვრთნელმა.

ეს ყველაფერი მაინც პირველი განგაშის ხმებია. აურელიო დე ლაურენტისი ჯერჯერობით თავის არჩეულ სპეციალისტს იცავს, მის თანამდებობიდან მოხსნას არ განიხილავს და ბოლონიაში ნათამაშევი ფრის შემდეგ თავის შემრიგებლურ „ტვიტშიც” დაადასტურა. თუმცა, ეს იყო „ტვიტი”, რომელიც იმავდროულად გარსიასა და გუნდის გაფრთხილებადაც შეიძლება მივიღოთ: ყველაფრის თავიდან დაწყება ერთ-ერთი ვარიანტი კი არ არის, ერთადერთი ვალდებულებაა.

დღეიდან მორიგ სანაკრებო წყვეტამდე ოთხი თამაშია (შინ „უდინეზესთან”, სტუმრად „ლეჩესთან”, შინ „რეალთან” და შინ „ფიორენტინასთან”), რომლებიც „აძურის” პროგრესისთვის და გარსიას სკამისთვის გადამწყვეტი იქნება. ამ მინი ტურნირიდან გუნდი შეიძლება გამოვიდეს გაძლიერებული ან იმდენად კომპრომეტირებული, რომ ჩვენ ახალი მწვრთნელის ვარიანტების განხილვას დავიწყებთ.

ვარიანტები – დავუშვათ სიტუაცია უარესობისკენ შეტრიალდა. ვინ უნდა შეცვალოს გარსია? გულშემატკივრის წარმოსახვას საზღვარი არ აქვს და სახელი, რომელიც მათი პირიდან ყველაზე ხშირად ისმის ანტონიო კონტეა. მას მერე, რაც „ტოტენჰემიდან” წავიდა ის კვლავ უმუშევარია და ცნობილია, რომ იტალიაში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ, კონტე ამბიციური კაცია და როდესაც მასზე ლაპარაკობენ, უწინარეს ყოვლისა მის ყოფილ კლუბებს, „იუვენტუსსა” და „ინტერს” ახსენებენ, თუმცა მათ გარდა „მილანისა” და „რომას” ვარიანტებსაც განიხილავენ.

თავად კონტეს კი „ნაპოლიში” მუშაობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ ამ თემაზე ჩამოუგო სიტყვა, მან უპასუხა: „გარწმუნებთ, მე იქ ფეხითაც ჩავიდოდი. იქ დიდი გუნდი და ლამაზი ქალაქია… კიდევ, მე სამხრეთელი ვარ”.

სხვათა შორის, კონტე ერთადერთი მჭექარე სახელია მათ შორის, ვისაც თავისუფალი აგენტების ბაზარი გვთავაზობს. ჩვენს გალერეაში კი რამდენიმე სახელოვანი მწვრთნელი კვლავ გუნდის ძებნაშია. ესენია: მარსელინო გარსია ტორალი, ზინედინ ზიდანი, კრისტოფ გალტიე, იგორ ტუდორი, მარსელო გალიარდო.

calciomercato