Khvicha Kvaratskhelia and Jesper Lindstrom of Napoli SSC look on during the Serie A TIM match between Bologna FC and SSC Napoli at Stadio Renato...რუდი გარსიას „ნაპოლი” რთული საკითხების წინაშე დგას. ბოლონიაში ნათამაშევმა 0:0-მა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. მწვრთნელს უკვე ჰქონდა გაუგებრობები წამყვან ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან. და ყველაფერს ემატება ერთი უცნაური რამ: სად არის იესპერ ლინდსტრომი, რომელშიც „აძურიმ” 25 მილიონი ევრო გადაიხადა?

ახალ სეზონში დანიელმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, შინ, „ლაციოსთან”. მას მერე ის გულშემატკივრის თვალთახედვიდან გამქრალია. ბრაგაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, გარსია ლინდსტრომს თითქოს ამზადებდა მოედანზე შესასვლელად, მაგრამ როგორც კი პორტუგალიელებმა თავიანთ კარში გოლი გაიტანეს და ანგარიში „ნაპოლის” სასარგებლოდ 2:1 გახდა, მწვრთნელმა ის სკამზე დააბრუნა. „პარტენოპეელთა” მხარდამჭერებს უჩნდებათ კითხვა: რატომ არ ათამაშებს ფრანგი ლინდსტრომს?

ბოლონიაში თამაშამდე უთამაშებელი იყო ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ნატანიც, მაგრამ მის მდგომარეობას მწვრთნელი ენობრივი ბარიერითა და არასაკმარისი მომზადებით ხსნიდა. დანიელის მდგომარეობა კი აშკარად სხვაა.

იტალიური პრესა წერს, რომ ლინდსტრომი გარსიას ყველაზე მეტად შეიძლება შეხვედრების ბოლო მონაკვეთებში გამოადგეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მდგომარეობა დაძაბულია და თამაში ყველანაირად შეიძლება დასრულდეს. ამის მიუხედავად, ფრანგი მას არ იყენეს, რაც დანიელში გადახდილი თანხის გათვალისწინებით, ძალიან უცნაურია.

რა ფუნქციის ფეხბურთელია ლინდსტრომი? მას შეუძლია თამაში როგორც მარჯვნივ, სადაც პოლიტანო და სავარაუდოდ რასპადორი არიან, ასევე მარცხნივ, სადაც კვარაცხელიას შემცვლელებად უფრო ძერბინი და ელმასი მოიაზრებიან. გარდა ამისა, ლინდსტრომს შემტევი ნახევარმცველის როლის შესრულებაც შეუძლია.

რატომ არ იყენებს გარსია ფეხბურთელს, რომელშიც 25 მილიონი ევროა გადახდილი? პორტალ napolipiu-ს აზრით აქ ორი ვარიანტია: ან რაღაც არ ვიცით, ან ლინდსტრომის ყიდვა კლუბისთვის მწვრთნელს არ უთხოვია.