აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.სხვა სიტყვას ვერც მიუსადაგებ იმ 40 წუთს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გაატარა. ასეთი უსუსური ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლოს როდის გვინახავს, გახსენებაც ჭირს. ოდესღაც ბორჯღალოსნები ასე უკბილოდ ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან თუ სამხრეთ აფრიკასთან თამაშობდა, მაგრამ მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია, მოთამაშეთა ბევრი თაობა გაიზარდა და დღევანდელი საქართველოს ნაკრები იმდენ ავტორიტეტს კი ატარებს, რომ ბობოლები მის წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობას აყენებენ ხოლმე.

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ლირიკაა იმასთან შედარებით, რაც მოხდა ტულუზის საქალაქო სტადიონზე. ბორჯღალოსნებმა ჯგუფის აუტსაიდერ პორტუგალიელ „მგლებთან“ მარცხს რის ვაი-ვაგლახით გადაურჩნენ და ფრეს დასჯერდნენ – 18:18!

არადა, თამაშის დასაწყისი ისეთი იყო, როგორსაც თავად ბორჯღალოსნები გეგმავდნენ და როგორიც ჩვენ, გულშემატკივრებს წარმოგვედგინა. პირველივე წამებიდან ბურთს  ქართველები დაეუფლნენ, ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელეს და მე-3 წუთზე დავით ნინიაშვილმა გარღვევა ხელუკუღმა, მახვილგონივრული გადაცემით გააგრძელა, ბურთი აკაკი ტაბუცაძემ მიიღო და სანაკრებო კარიერაში 30-ე ლელო გაიტანა, რაც მისივე ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესება გახლავთ. თედო აბჟანდაძემ არცთუ იოლი პოზიციიდან გარდასახა და 7:0 გახადა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.ვინაიდან ქართველების გეგმა ბონუსით მოგება იყო, ანუ 4 ლელოს გატანა მართებდათ, მათ წნეხი გაზარდეს, მაგრამ სულ ბოლოს, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ბურთი ხელიდან, თან აუცილებლად წინ, ხან ნინიაშვილს უვარდებოდა, ხან აფრასიძეს, ხან გორგაძეს, ხან გიგაშვილს, ხან ისევ ნინიაშვილს…

მე-17 წუთზე პორტუგალიელები დაჯარიმდნენ და თითქოს, ლელოზე დაგეშილებს, ბურთი კიდეზე უნდა გადაგვეტანა, რადგან მოლიც კარგად მუშაობდა და ფიზიკურ კონტაქტებშიც უპირატესობა გვქონდა. მაგრამ კარში დავარტყით – აბჟანდაძემ იოლი ჯარიმა 3 ქულად აქცია – 10:0. მერე ბოლო მომენტში ბურთის უნებლიე კარგვები გაგრძელდა და ჰაერივით საჭირო ლელოები ქარს მიყვებოდა. ასე გაგრძელდა 33-ე წუთამდე, ვიდრე თედომ კვლავ გაიტანა ჯარიმა – 13:0.

13-ქულიანი უპირატესობა კარგი კი იყო, მაგრამ უკმაყოფილების შეგრძნება მაინც არ იფანტებოდა და განგაშის პირველმა ზარმაც არ დააყოვნა – ორიოდე წუთში ერთ-ერთი პორტუგალიელი ჩვენს დაცვას დაუსხლტა და ლელოც დაგვიდო – 13:5. სამუელ მარკეშმა გარდასახვა გააფუჭა და სულ მალე „მგლების“ ერთ-ერთმა ბურჯმა შალვა მამუკაშვილი უხეშად შებოჭა, რისთვისაც სინბინში მიაბრძანეს. ტაიმი 13:5 მორჩა და ალბათ ყველას იმის იმედი გვქონდა, რომ გასახდელში ცალკე ლევან მაისაშვილი ჩაატარებდა შესაბამის საუბარს და ცალკე მერაბ შარიქაძეც შეაგულიანებდა მეგობრებს.

მაგრამ შესვენების შემდეგ კატასტროფა მოხდა. საქართველოს ნაკრები ვეღარც ბურთს აკონტროლებდა, ვეღარც ტერიტორიას, ვერც დომინანტურ ბოჭვებს აკეთებდა, ვეღარც დერეფანს აწვდიდა სათანადოდ, ვერც მარაოებს შლიდა, როგორც პირველ ტაიმში, ვერც შერკინებაში ერეოდა ყოველთვის უფრო სუსტ პორტუგალიელებს. თითქოს გუნდებმა კვართები გაუცვალეს ერთმანეთს. ასეთი მეტამორფოზა, რაგბი იქით იყოს და, სპორტის ნებისმიერ სახეობაში წარმოუდგენელი ამბავია. სიტუაცია 180 გრადუსით შეტრიალდა და ტაიმის ბოლოსკენ 13:0-დან ანგარიში 13:18-ად იქცა…

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.საბედნიეროდ, ბოლოსწინა წუთზე საქართველოს ნაკრებმა ტაიმში პირველი და ერთადერთი გააზრებული შეტევა განახორციელა, ჯარიმის უფლება მიიღო, რომელიც შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ დერეფნის მოწოდების უფლებად აქცია, იქ კი, თენგიზ ზამთარაძემ კარგად ჩააწოდა ბურთი, მოლში მას თავად დაეუფლა და სასწაულებრივი მიძალებით ზედ კარის ხაზზე დაამიწა. კუთხე მაქსიმალური იყო  და სამწუხაროდ, მატკავამ ვეღარ გაიმეორა შარშანდელი კარდიფული ფოკუსი – 18:18.

მაგრამ კორსიზებისა და ვალიდოლების მორიგი დოზის მიღება ამის შემდეგაც მოგვიხდა – ბურთს დაუფლებულმა ქართველებმა უკვე გაწითლებულ დროში თამაშის წესები საკუთარ ნახევარზევე დაარღვიეს და კვლავ საბედნიეროდ პორტუგალიელმა დამრტყმელმა კიდიდან ჯარიმა ააცილა.

ასეთი დაბალი დონის რაგბი საქართველოს ნაკრებს ათწლეულებია არ უთამაშია. ძნელი სათქმელია, რა მოხდა იმ 15 წუთში, რომელიც გუნდმა გასახდელში გაატარა, მაგრამ ფაქტია, რომ იქიდან სულ სხვა ხალხი გამოვიდა, რომელიც ფორტუნას უნდა უმადლოდეს იმ 2 ქულას, რომელიც დაგეგმილი 5-ის ნაცვლად მიიღო…