დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ალმერიასთან”. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. მასპინძლები, რომელთაც სათავეში ვინსენტ მორენო უდგათ, ხუთივე შეხვედრაში ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. ანდალუსიელებმა ორი ისეთი თამაში წააგეს, რომელთაც თავიდან იგებდნენ — „რეალთან” და „ვილიარეალთან”. ვინსენტ მორენო იმიტომ ვახსენეთ, რომ „ვალენსიას” სინგაპურელი პატრონები რუბენ ბარახამდე „ღამურების” თავკაცობას სწორედ მას სთავაზობდნენ. საინტერესოა, რომ „ვალენსიამ” ალმერიაში ბოლო 7 სტუმრობისას გოლი გაიტანა.

***

როგორც ზემოთ ვახსენეთ, „ალმერია” ცუდად არ თამაშობს, მაგრამ პირველ ხუთ ტურში ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო. მთლად ჩვეულებრივი ვითარება არ არის, როდესაც გუნდს და მის თავკაცს მეექვსე ტურშივე სამკვდრო-საციცოცხლო, ფინალის ტოლფასი შეხვედრა ელის, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანდალუსიელებმა მიმდინარე ჩემპიონატში შინ სამივე თამაში წააგეს, არადა გასულ სეზონში 41 ქულიდან 33 სწორედ საკუთარ კედლებში დააგროვეს. გუნდს მარჯვენა ფრთაზე კვლავ დანაკარგი აქვს — მარკ პუბილი და ალეხანდრო პოსო დროზე ვერ გამოჯანმრთელდნენ.

***

„ვალენსიამ” ბოლო შეხვედრაში, „ატლეტიკოსთან” 3:0 მოიგო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ხუთი შეხვედრიდან სამი მოგებაც სასიკეთო ძვრების დასტურია. მეორე მხრივ, ბარახას მენეჯერულ ნიჭს გამოცდა ელის. როგორც თავად მწვრთნელმა თქვა, მას ისედაც ცოტა ფეხბურთელი ჰყავს, კვირაში ხანდახან სამ-სამი თამაშია ჩასატარებელი. შესაბამისად, გროვდება ტრავმირებულებიც. დღეს ვერ ითამაშებენ გაბრიელ პაულისტა, დიმიტრი ფულკიე, ხესუს ვასკესი, სერხი კანიოსი და ალბერტო მარი.