საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო.
თამაში საბოლოოდ მძიმე გამოდგა. არადა, ჩვენებს მატჩის ბედის გადაწყვეტა ბევრად მარტივად შეეძლოთ. ჩვენებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს: ჯერ ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი, ბრუნო გომესმა ბურთი მეკარისგან მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გავაცუდეთ და ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ჟულიო ზანოტოს დარტყმის შემდეგ ბურთი შაგინიას მოხვდა და კარში შევარდა.
ბოლო წუთები კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს ისევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის რამდენიმე შანსი, მაგრამ დასკვნით ფაზაში ისეც ცუდად ვითამაშეთ. ბოლო წამებზე კუპატაძემ გადაგვარჩინა და მოგება მოგვიტანა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 5 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები მოიპოვებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ფლეი ოფის მეშვეობით კიდევ ორი გუნდის ვინაობას გაარკვევს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, სტუმრად პორტუგალიასთან ითამაშებს.