დღეს „ნაპოლი” სტუმრად თამაშობს „ჯენოასთან”. როგორც იტალიის ჩემპიონის მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა ამჯერად ის მოედანზე „ლაციოსთან” შეხვედრისგან განსხვავებულ შემადგენლობას გაიყვანს.

„მარათონი გველის, 23 შეხვედრაში 7 მატჩი. გუშინ ჩემს განკარგულებაში კვლავ მთელი გუნდი იყო, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დაღლილი მეჩვენა. მათ დღის ჩვეულებრივ დატვირთვებს ძლივს გაუძლეს. დღეს ყველაფერი ნორმაში ჩადგა. ასე რომ სრულყოფილი ვარჯიში მხოლოდ დღეს ჩავატარეთ, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან დაშავებული არავინ გვყავს. ვათამაშებ იმ ფეხბურთელებს, ვინც იმსახურებს, ვინც მზად არის”, — თქვა გარსიამ.

ბევრი იწერებოდა მატეო პოლიტანოს შესახებ, რომელიც ლუჩანო სპალეტის იტალიის ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული, სადაც ტრავმა მიიღო. საბოლოოდ, გაირკვა, რომ მარჯვენა გარემარბს უსაშველო არაფერი სჭირს და „ჯენოასთან” შეხვედრის განაცხადში იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდება. ვინ დაიკავებს პოლიტანოს ადგილს სასტარტო თერთმეტეულში? დიდი შანსია ეს იყოს იესპერ ლინდსტრომი, მაგრამ არც ჯაკომო რასპადორის კანდიდატურა უნდა გამოვრიცხოთ.

გარსია: „ჩემი გუნდიდან სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ყველას მატჩი ბუნებრივია არ მინახავს. ათი თვალი ნამდვილად არ მაქვს. ვიცი, რომ ჯეკმა უკრაინასთან 70 წუთი ითამაშა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მათ რიცხვში 9 ნომრადაც, მაგრამ იმდენად მრავალმხრივი კაცია, რომ ნახევარმცველადაც ვარგა. მისთვის უკეთესი იქნება თუ ცენტრალურ თავდამსხმელობაზე არ გააკეთებს აქცენტს, რადგან იქ ვიქტორ ოსიმენია და მოედანზე ხშირად ვერ გავა”.

მეორე მხრივ, ნახევარდაცვაშიც დიდი კონკურენციაა. დღეს იქ იქნებიან ანდრე-მარკ ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი.

დაცვაში მატიას ოლივერას სავარაუდოდ მარიო რუი შეცვლის. შუაში, დიდი შანსია ამირ რაჰმანის მეწყვილედ ლეო ოსტიგორი ვიხილოთ და არა ჟუან ჟესუსი. დაცვის მარჯვენა ფრთასა და კარში კი არაფერი შეიცვლება — კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მეკარე ალექს მერეტი თავიანთ ადგილებზე იქნებიან.

„მეტოქეს პატივს ვცემთ, მის რეპუტაციას ვუფრთხილდებით, მაგრამ გენუაში მოსაგებად მივდივართ. „ნაპოლის” ამ ჩემიონატისგან და კონკრეტულად ამ შეხვედრისგან ასი პროცენტის მიღება უნდა. გუნდმა გონებაში გამარჯვების გარდა სხვა არაფერი უნდა გაივლოს”, — პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ამ სიტყვებს გარსიამ დასძინა:

„პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ წინ ბევრი მუშაობა გველის. მოკლე პერიოდში არც მეტი, არც ნაკლები შვიდი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკვე გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაო, მაგრამ ბუნებრივია, ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. მაგალითად, ბურთის ფლობაზე ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს, მაგრამ ბურთის ფლობა რა ბედენაა თუკი მისგან სარგებელს ვერ ნახავ. მთავარია, ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება ვისწავლოთ. კარში დარტყმა კარგია, მაგრამ გოლის გატანა კიდევ უკეთესი”.

შეტევის მარცხენა ფრთაზე ხვიჩა კვარაცხელიას უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ პოზიციასთან დაკავშირებით იტალიური პრესა ფაქტობრივად არაფერს წერს. გარსია რაიმე სიახლეს რომ ამზადებდეს, სავარაუდოდ, დაიწერებოდა.