შაბათს, 16 სექტემბერს, „ჯენოასა” და „ნაპოლის” შეხვედრას მაიკლ ფაბრი იმსაჯებს. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ფაბრის დანიშვნამ „ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა. ეს ის მსაჯია, რომელმაც „აძურისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში ფედერიკო გატის ხვიჩა კვარაცხელიასთვის უკნიდან სახეში დარტყმა აპატია. სატელევიზიო გამეორებებმა აჩვენა, რომ გატიმ ქართველ გარემარბს განზრახ, გამეტებით დაარტყა, მსაჯმა კი ეს ინციდენტი აინუნში არ ჩააგდო.
napolipiu წერს, რომ ზემოთ აღწერილი ამბავი „ნაპოლის” წინააღმდეგ მსაჯობის მხოლოდ ერთი მაგალითია. მათ შორის რამდენიმე იმავე ფაბრისთან არის დაკავშირებული. სოციალური ქსელები გაივსო „ნაპოლის” გულშემატკივართა კომენტარებით. ისინი წერენ, რომ გენუაში მსაჯად ფაბრის დანიშვნა ავის მომასწავებელია. ნეაპოლური საიტები კი ელიან, რომ შაბათს „აძურის” „ჯენოას” ფეხბურთელებთან ერთად არბიტრიც შეუტევს.