პოლ პოგბა დოპინგზე ჩავარდა. „იუვენტუსის” ფრანგი ფეხბურთელი 20 აგვისტოს „უდინეზესთან” სტუმრად თამაშის შემდეგ შეამოწმეს. პარადოქსია, რომ მას ამ შეხვედრაში არ უთამაშია. პოგბას ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა აღმოუჩინეს. დადგინდა, რომ ტესტოსტერონი ორგანიზმის მიერ არ იყო გამომუშავებული, ანუ ფეხბურთელმა ის მიიღო.
რა არის ტესტოსტერონი? ეს გახლავთ მამაკაცის ჰორმონი, რომელსაც გარკვეული რაოდენობით ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს, მაგრამ იგი მას ქალთა ჰორმონად, ესტროგენად გადაამუშავებს. „ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა სტატია, თუ რა კავშირია ტესტოსტერონსა და სპორტს შორის.
ტესტოსტერონის მთავარი ფუნქციები არის მეტაბოლური და სქესობრივი. ის მნიშვნელოვანია ძვლის ანაბოლიზმისთვის და ამიტომაც არის, რომ მამაკაცებს ოსტეოპოროზი (ძვლის გამყიფება და გაბზარვა) უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე ქალებს. გარდა ამისა ის დადებით გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე. ტესტოსტერონი მნიშვნელოვანია ერექციისთვის.
ტესტოსტერონი გამოიყენება, როგორც ანაბოლური სტეროიდი, რის გამოც ის პოპულარულია ბოდიბილდერთა შორის — იყენებენ კუნთის ზრდის სტიმულაციისთვის. ტესტოსტერონს ეტანებიან უფრო იმ სახეობათა წარმომადგენლები, სადაც ღონეა საჭირო — ერიტროციტების რაოდენობის ზრდა იწვევს სისხლში ჟანგბადის მიმოქცევის გაძლიერებასაც. მეორე მხრივ კი გამოკვლევების უმრავლესობამ დაამტკიცა, რომ ტესტოსტერონის რაოდენობის გაზრდა სპორტულ შედეგებს ვერ აუმჯობესებს. ასე მაგალითად, 2004 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა” გადაბეჭდა სტატია „სპორტულ მეცნიერებათა ჟურნალიდან”, რომელშიც შედარებული იყო ტესტოსტერონის დონე ბოდიბილდერების, ველოსიპედისტების და ჩვეულებრივი ადამიანების ორგანიზმში. ყველაზე მეტი ტესტოსტერონი ორგანიზმში აღმოაჩნდათ ძალოსნებს, რომელთაც ფეთქებადი ძალაც მეტი ჰქონდათ, მაგრამ ველოსიპედისტები სამუშაო დავირთვის მხრივ იყვნენ უფრო ძლიერები. გამოვიდა, რომ სპორტულ შედეგებსა და ტესტოსტერონს შორის პირდაპირი კავშირი არ არის.
ამავეს ამტკიცებს იელის უნივერსიტეტის პროფესორი კეტრინ კარაზაკისი. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა კი ამტკიცებს, რომ ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე დღის მანძილზე იცვლება და ამიტომ საჭიროა ზუსტად დადგენა, თუ როდის უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი.
ანტიდოპინგის მსოფლიო სააგენტო ბრძანებს, რომ სპორტსმენს ტესტოსტერონი შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ჰიპოგონადიზმის შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ ასაკის ან რამე პრობლემის (ალკოჰოლიზმი, სიმსუქნე) გამო სასქესო ჯირყვლები ტესტოსტერონს საჭირო რაოდენობით ვეღარ გამოიმუშავებენ.