ნორვეგია - საქართველო | ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ოსლოშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიის წინააღდმეგ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრის გასამართად ოსლოში ჩავიდა.

მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა „ულევაალის“ სტადიონზე ივარჯიშა, რომლის დაწყებამდეც მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ითარა კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: „ძალიან რთულია, ვისაუბროთ ესპანეთთან მატჩზე. შედეგი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ვფიქრობ, აგრესია და სულისკვეთება დაგვაკლდა. ამას გარდა, შედეგს არაერთი წვრილმანი განაპირობებს…

ასეთი ანგარიშით მარცხი მტკივნეული იყო არამხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ ფეხბურთში სულ ყოველთვის არის ვითარების გამოსწორების შანსი. დიდი იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში ბიჭები ამას შეძლებენ…

ისღა დაგვრჩენია, მობილიზება მოვახდინოთ ნორვეგიასთან შეხვედრაზე. ამ ორი დღის განმავლობაში მომხდარზე ბევრი ვილაპარაკეთ და მჯერა, ოსლოში სულ სხვა საქართველოს ნაკრებს იხილავთ…

ჩვენ თუ იმ სულისკვეთებას დავიბრუნებთ, რომელიც გასულ წელს გვქონდა, ნორვეგიას სულ სხვა მოცემულობას შევთავაზებთ. ბოლო 2-3 თამაშით მეც უკმაყოფილო ვარ…

ნორვეგიის ნაკრები ძალიან რთული მეტოქეა. ამაში ექვსი თვის წინაც დავრწმუნდით. მეორე მხრივ, ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაში სასიამოვნოცაა. გვინდა, ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები, რაც ესპანეთის ნაკრებთან არ გამოგვივიდა“.

ოთარ კიტეიშვილი: „ნორვეგიასთან განსხვავებული თამაში იქნება, ვიდრე ბათუმში იყო რამდენიმე თვის წინ. ესპანეთთან ისეთი მტკივნეული მარცხი განვიცადეთ, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. ასეთი წაგების შემდეგ აუცილებელია, ვაჩვენოთ სულისკვეთება და ჩვენი საუკეთესო თამაში ვითამაშოთ.

ყველანი გაბრაზებულები ვართ საკუთარ თავზე, არ უნდა მოგვსვლოდა ასეთი რამ, მაგრამ ეს ბევრ რამეს სხვანაირად დაგვანახებს. საინტერესო იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს ასეთი მარცხის მერე.

დიდი იმედი მაქვს, ნორვეგიასთან განსხვავებულად ვითამაშებთ და ჩვენს სახეებზე ღიმილი დაბრუნდება“.

საქართველოს ნაკრები ნორვეგიის დედაქალაქში სრული შემადგენლობით ჩავიდა, გუნდში ტრავმირებულები არ არიან.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი),  სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”, ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

Image 7

სანიოლის პრესკონფერენციამდე ჟურნალისტებს ნორვეგიის მწვრთნელი სტალე სოლბაკენი და გუნდის კაპიტანი მარტინ ედეგორი შეხვდნენ:

სტალე სოლბაკენი: „ნორვეგიის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში კონკურენტებს ჩამორჩება. საქართველოსთან თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ. თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური რაოდენობის ქულები უნდა დავაგროვოთ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

მიმაჩნია, რომ ნორვეგიის ნაკრებმა ამ ჯგუფში იმაზე მეტი დაიმსახურა, ვიდრე მიიღო. წინა წლებისგან განსხვავებით, ნორვეგიის ნაკრები განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ბოლო მატჩებში ბევრი მომენტი შევქმენით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან უფრო ეფექტურები ვიყოთ და შექმნილი შანსები გამოვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი დაგვრჩება“.

მარტინ ედეგორი: „საქართველოსთან თამაშს ჩვენთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს ის ნაკრებია, რომელთანაც სტუმრად 1:1 ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ ესპანეთთან 1:7 წააგეს. თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს და მათ შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. თუმცა, მიმაჩნია, რომ მოგება შეგვიძლია. ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები გავალთ“.

ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მონტენეგროელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება – მთავარი მსაჯი ნიკოლა დაბანოვიჩია, ასისტენტები კი ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი იქნებიან, მეოთხე მსაჯი მილოშ ბოშკოვიჩია.

Image 3