ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ მათი ქვეყნის ნაკრები დღეს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა დაუპირისპირდეს. „ლა როხა” ამ თამაშისთვის საგანგებოს ემზადება, მაგრამ… ცოტა უჩვეულოდ.
დავიწყოთ იმით, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის მზადების პერიოდი იდეალური არ გამოდგა, რადგან მთელი გასული კვირის განმავლობაში ესპანეთში მთავარი საფეხბურთო თემა იყო არა ნაკრების მოახლოებული შეხვედრა, არამედ ფედერაციის აწ უკვე გაგდებული პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის კოცნის სკანდალი. ამბავი საქვეყნოდ არის ცნობილი: როდესაც ესპანეთის ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გახარებულმა პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალის დროს ერთ-ერთ მოთამაშეს ტუჩაბში აკოცა. ეს კიდევ არაფერი, პრობლემა აქვს პირადად დე ლა ფუენტეს, რადგან მან ფედერაციის ყრილობაზე რუბიალესს ტაში დაუკრა და ამის გამო თავს დიდი კრიტიკა დაატყდა. ასეთ ვითარებაში მას გუნდი საქართველოსთან და კვიპროსთან თამაშებისთვის ჰყავდა მოსამზადებელი.
კოცნის სკანდალს დაემატა კიდევ ერთი უცნაურობა: 7 სექტებრის საღამოს, თბილისში, ესპანელებმა ვერ ივარჯეშს, რადგან… ამუნიცია შინ დარჩათ. ყოველ შემთხვევაში დროულად არ ჩამოუვიდათ. შემდეგ მათ გაარკვიეს, რომ ბურთები, ბუცები, მეკარეების ფორმა და სხვა საქართველოს დედაქალაქში პარასკევს დილით ჩამოაღწევდა და დე ლა ფუენტემ ვარჯიში თამაშის დილას გადაიტანა. სტადიონზე მისულმა „ლა როხამ” გახურების და გაჭიმვების მეტი ვერაფერი მოახერხა.
ესპანური პრესის აზრით, მომხდარი შეხვედრაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სასურველიც არ იყო. თუ „ლა როხა” თბილისში კარგ შედეგს ვერ მიაღწევს, დე ლა ფუენტეს დიდი ჩრდილი მიადგება.
A ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: ესპანეთმა ორჯერ ითამაშა, ნორვეგიასთან 3:0 მოიგო, ხოლო შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სადღეისოდ, ჯგუფს 12 ქულით სქოთები ლიდერობენ, მეორე ადგილზე 4 ქულიანი საქართველოა. ამდენივე ქულა აქვთ ნორვეგიელებს. მათ მოსდევს სამქულიანი „ლა როხა” და ბოლო ადგილზე არის უქულო კვიპროსი.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ ჩატარებული: შოტლანდიას და ნორვეგიას — 4, საქართველოს და კვიპროსს — 3, ხოლო ესპანეთს, როგორც მოგახსენეთ — 2.