ესპანეთს კვარაცხელიას ჩრდილი წამოადგა თავს. „ნაპოლის” ბრწყინვალე ცაცია გარემარბი და საქართველოს ნაკრების ლიდერი მის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საფრთხეს უქმნის. კვარაცხელიას სისწრაფე და აღმაფრენა დე ლა ფუენტესთვის თავის ტკივილია. მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს მისი ძლიერი და გამოცდილი მარჯვენა მცველებიდან რომელი შეეცდება მის შეჩერებას, კარვახალი თუ ასპილიკუეტა. მაგრამ არის სიურპრიზის შანსიც: საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის ვარსკვლავს მარჯვენა ფლანგზეც ტესტავს, სადაც ესპანელებს ჰყავთ ბალდე და გაია, მეტისმეტად შემტევი მცველები იმისათვის, რომ კვარას მეურვეობას თავი გაართვან.

პრობლემა მარტო კვარა რომ ყოფილიყო კიდევ არა უშავდა, მაგრამ საქართველო შესარჩევი ჯგუფის აუტსაიდერი აღარ არის. მის განკარგულებაში არიან წამყვანი ევროპული ლიგების ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება თავიანთი ლიდერის დონეზე ვერ თამაშობენ, მაგრამ პარასკევს ესპანეთის ნაკრებისთვის საქმის გაფუჭება შეუძლიათ, მითუფრო, რომ ბორის პაიჭაძის სტადიონზე, რომელსაც უფრო „დინამო არენას” ეძახიან, 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია.

ზემოთ ნახსენები კვარას გარდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები არიან „ტორინოს” მცველი საბა საზონოვი, „უოტფორდის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, „ბორდოს” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და „აიაქსის” თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე. ქართველებს გუნდში ჰყავთ აგრეთვე „ლევანტეს” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის „დინამოს” მცველი სანდრო კალანდაძე.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების კარს იცავს საიმედო გოლკიპერი, „ვალენსიას” კარის მცველი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ ზაფხულს „რეალის” ერთ-ერთი სამიზნე გახლდათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც ჰყავს კარგი მწვრთნელი — ვილი სანიოლი.

ხოაკინ მაროტო, AS