ესპანეთის ნაკრები თბილისშია, იტყობინება AS. ფრენას ხუთი საათი დასჭირდა. გუნდი სასტუმრო „მერიოტში” დაბინავდა. დღეს საღამოს ესპენელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი თამაშის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ.

პედრო როჩასთვის ეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა იქნება. მას პოსტი იმის გამო ჩააბარეს, რომ ლუის რუბიალესმა ფეხბურთელ ქალს ტუჩებში აკოცა და ის თანამდებობიდან გადააყენეს. ინციდენტი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს მოხდა, როდესაც გახარებული პრეზიდენტი თავისი ნაკრების მოთამაშეს ჩაეკონა.

ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების მესამე და მეოთხე შესარჩევი შეხვედრისთვის გამოიძახა, საქართველოს დედაქალაქისკენ მადრიდის ბარახასის აეროპორტიდან დილის ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრნენ. ფრენის დროს „ლა როხას” ერთ-ერთმა კაპიტანმა როდრი ერნანდესმა შეიტყო, რომ „ოქროს ბურთის” ნომინანტთა სიაში ის ერთადერთი ესპანელია. შეგახსენებთ, როდრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და „მანჩესტერ სიტის” ისტორიაში პირველად მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. მან აგრეთვე კარგად ითამაშა ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში.

ცენტრალური მცველი აიმერიკ ლაპორტე გუნდთან ერთად არის, მაგრამ ტრავმის გამო მისი შეხვედრაში მონაწილეობა საეჭვოა. ლაპორტემ, რომელიც აქამდე „მანჩესტერ სიტიში” გამოდიოდა, წლეულს კი საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრში” გადავიდა, სიუდად დელ ფუტბოლის ბაზაზე ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა. მას დღეს ექიმები შეამოწმებენ და გადაწყვეტენ მისცენ თუ არა გუნდთან ერთად დატვირთვის ნება.

AS წერს, რომ ესპანეთის ნაკრები A ჯგუფში ბოლოს წინა აგდილზეა და მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებლად უნდა მოუგოს პარასკევს საქართველოს, ხოლო შემდეგ სამშაბათს კვიპროსს. დე ლა ფუენტე ჯერ კიდევ ჩაატარებს ტესტებს და სასტარტო თერთმეტეულს ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელებს.

თბილისის აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარე სასტუმროს მისადგომებთან ესპანელ ფეხბურთელებს ფეხბურთის ასობით მოყვარულმა თბილი დახვედრა მოუწყო.