Napoli's Polish midfielder Piotr Zielinski celebrates after scoring a goal with teammate Napoli's Georgian forward Khvicha Kvaratskhelia during the...მას „ნაპოლი” უნდოდა. არ დაგიდევდათ, რის ფასად. იმ კლუბისა და ქალაქისთვის, რომელიც ასე ძალიან უყვარს „ალ აჰლის” მილიონებზე თქვა უარი. ბევრ მილიონზე: სამი წლის განმავლობაში წელიწადში 12 მილიონ ევროზე. პიოტრმა გადაწყვიტა დარჩეს და კლუბთან ურთიერთობაში ბევრ სირთულეს წააწყდა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში. იანვარში ის შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს, რაც კორპორატიული აზროვნებისთვის მიუღებელია. ამის გამო, სანამ აურელიო დე ლაურენტისს შეუთანხმდებოდა, მან რამდენიმე დღე ვარჯიშებზე არ იარა. შეთანხმება კი სამწლიანია. ხელფასი — მის ბოლო გასამრჯელოზე, წელიწადში 4,8 მილიონ ევროზე ნაკლები. გამოსასყიდი თანხა — დაახლოებით 30 მილიონი, რაც ყველას აწყობს. მაგრამ, როგორც გაირკვა ხელშეკრულების გაფორმებას წინ ერთი დიდი დაბრკოლება ეღობება — აგენტ ბარტ ბოლეკის საკომისიო თანხა, რომელიც დე ლაურენტისმა… არ გაითვალისწინა. შესაბამისად, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. და პიოტრი, ისე როგორც მისი კოლეგები ოსი და კვარა ეროვნული გუნდის შეკრებაზე ისე გაემგზავრა, რომ კონტრაქტი არ განუახლებია.

მაშ ასე, ჟელინსკი. ზაფხულის სატრანსფერო სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. იმავდროულად, ახალი სეზონის პირველი სამი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი. რუდი გარსიას ხელში სისტემა შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა ჟელინსკის როლიც: პოლონელი შეტევის ფაზაში ცენტრალურ თავდამსხმელთან უფრო ახლოს მოქმედებს. პერიოდულად ის ფორვარდებთან ერთ ხაზზე დგება და ოთხ თავდამსხმელიან შეტევას ქმნის. შედეგი მშვენიერია. მათ შორის არის გოლი „ლაციოს” კარში. ეს იყო ყისმათიანი დარტყმა ორი რიკოშეტით. თუმცა, ზეიმი მეორე ტაიმში დაშვებულმა შეცდომამ დაჩრდილა. ვაგლახ, სწორედ პიოტრმა მისცა ფელიპე ანდერსონს საგოლე კონტრშეტევის წამოწყების საშუალება. არადა, ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე ჟელინსკის მეორე გოლის გატანა შეეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელს ჟინი და ცეცხლი არ აკლია. მისი დარტყმა პროვედელმა მოიგერია.

პიოტრ ჟელინსკიმ „ფროზინონესთან” დებიუტის შემდეგ ღირსეულად იტვირთა „ნაპოლიში” თამაში და ძალ-ღონეს არ ზოგავს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის 29 წლისაა და cv-ში უწერია, რომ „ნაპოლიში” უკვე რვა წელიწადი გაატარა. ეს ფაქტობრივად მთელი ცხოვრებაა, რომლის გაგრძელებაც პოლონელს ძალიან სურს და დე ლაურენტისთან მოლაპარაკებათა მაგიდაზე მოხაზული პროექტის ხერცშესხმას ელოდება. მას კიდევ სამი წლით უნდა მარადონაზე დარჩენა, მაშინ როდესაც ხელს არაფერი უშლიას იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსი რომ მიიღოს და ნებისმიერ სხვა კლუბს გაურიგდეს. აკი ვთქვით, რომ მას შეეძლო ოჯახის სეიფი ნავთობდოლარებით გამოეტენა, მაგრამ არ ისურვა. რომანტიკული ისტორიაა, არა?

მაგრამ ბედნიერ დასასრულს აგენტის საკომისიოები აკლია. იქნებ რამენაირად ეს თანხაც გამოჩნდეს.

ფაბიო მანდარინი, კორიერე დელო სპორტი