კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო გუნდი ცნობილია. ნახევარფინალები ამერიკულ-ევროპული იქნება: ამერიკა გერმანიას ეთამაშება, ხოლო კანადა – სერბეთს.
ორი მეოთხედფინალი დაძაბული არ გამოდგა: აშშ-მ იტალია 100:63 დაამარცხა, სერბეთმა კი, ლიეტუვას 87:68 მოუგო.
მაგარი ბრძოლა შედგა გერმანიისა და ლატვიის ნაკრებებს შორის, რომელშიც მომავალმა ნახევარფინალისტებმა 81:79 იმარჯვეს და ლატვიის მებრძოლი, ამასთან, სიმპათიური ნაკრები ტურნირს მიღმა დატოვეს. თუმცა, დებიუტანტი ლატვიელებისთვის ეს მსოფლიო აუცილებლად ჩაიწერება ისტორიაში.
ბალტიისპირელები ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 10 ქულით აგებდნენ, მაგრამ ბოლო წამზე მათ ლიდერს, დევის ბერტანსს 3-ქულიანი რომ ჩაეგდო, საუკეთესო ოთხეულში თავად შეაბიჯებდნენ.
თამაში ჩაუვარდა გერმანელთა ლიდერ დენის შრიოდერს, რომელმაც მეტოქის ფარს 26-ჯერ შეუტია და მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო.
ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო ლატვიელთა გამთამაშებელი არტურს ჟაგარსი (24 ქულა), ბერტანსის ანგარიშზე 20 ქულა იყო. მათმა გარჯამ და შრიოდერის ცუდმა თამაშმა ბალტიისპირელებს მაინც ვერ უშველა.
ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში სლოვენიამ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუმართა თანაბარი ბრძოლა (50:50) კანადას. მეორე ტაიმის დასაწყისიდან კი ჩრდილოამერიკელებმა სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს – 100:89.
კანადელთა რიგებში საუკეთესო შაი გილჯის-ალექსანდერი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. 24 ქულა ჰქონდა რჯ ბარეტს. სლოვენიის ნაკრებს 26 ქულით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, თუმცა მან ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მეოთხე მეოთხედში მოედნიდან გააძევეს.
ნახევარფინალები 8 სექტემბერს გაიმართება.