Napoli's forward Khvicha Kvaratskhelia controls the ball during the Serie A football match between SSC Napoli and SS Lazio. SS Lazio won 2-1.„ნაპოლი” შესვენებაზე „ლაციოსთან” მწარე საშინაო მარცხის გემოთი გავიდა. ამ პერიოდში რუდი გარსიასა და „აძურის” სხვა ხელმძღვანელებს რამდენიმე მომენტზე მოუწევთ მუშაობა, რომელთაგან ერთმა გულშემატკივრისა და საქმეში ჩახედულ ადამიანთა ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო: ეს გახლავთ პრობლემა, რომელიც სპალეტისეული „ნაპოლის” ერთ-ერთ სიმბოლოსთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მარტო იგებდა თამაშებს, ახლა ფაქტობრივად ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა.

მარხვა და გარსიას ტაქტიკა — „ლაციოსთან” შეხვედრაში კვარა 66-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შეუშვეს. მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება მედიამ და გულშემატკივრებმა ძლიერ გააკრიტიკეს. გარსიამ თავისი ნაბიჯის გასამართლებლად თქვა, რომ ქართველი საუკეთესო ფორმაში არ არის. „მან ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ რამდენჯერმე სახიფათოდ დაკარგა ბურთი. ვიცი, მისი ფეხები 90 წუთის გასაძლებად ჯერ მზად არ არის, მაგრამ მე მაინც გახარებული ვარ, რადგან მან გვაჩვენა, რომ მეტოქესთან უპირატესობის შექმნა შეუძლია. სამწუხაროდ კარში დარტყმებში არ გაუმართლა”, — თქვა გარსიამ.

კვარა მართლაც არ არის 100%-ით მზად, მაგრამ ამის მიღმა არსებობს გარსიას ტაქტიკურ იდეებთან და ფილოსოფიასთან მორგების საკითხიც. გარსიას ტაქტიკა სპალეტის ტაქტიკისგან განსხვავდება. ის ჯერ დასახვეწია და ამაზე ორივემ უნდა იმუშაოს, მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც. ამასობაში კი ხვიჩას მარხვა გრძელდება. მისი ბოლო გოლი უკვე შორეული მოგონებაა — ეს იყო პენალტი „ტორინოს” კარში. მანამდე რვა დღით ადრე კი ვიხილით „ატალანტასთან” შესრულებული მარგალიტი, რომლის მერეც კვარას თამაშიდან აღარ გაუტანია. მას მერე მან მხოლოდ ორი საგოლე პასი შეასრულა: გასულ ჩემპიონატში „ფიორენტინასთან” და წინა ტურში „სასუოლოსთან”. ეს ციფრები ძლიერ ჩამორჩება წინა სეზონის ბრწყინვალე შედეგს — 12 გოლი და 13 საგოლე პასი სერია A-ში, რასაც დაემატა 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაში.

კონტრაქტის განახლება — მოედანზე შექმნილ დელიკატურ სიტუაციას და საკუთარი თავის რწმენას შესაძლოა საქართველოს ნაკრებში გამგზავრებით და იქ გადატვირთვითაც ეშველოს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბატარიების დამუხტვა შეიძლება, მაგრამ პრობლემები მოედანს მიღმაც არსებობს და მათი გადაჭრა საშური საქმეა. საქმე ეხება კონტრაქტის განახლებას, რასაც ჯერ არ უჩანს პირი. კვარაცხელია გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშისა და უცხუორი კლუბების უარით გასტუმრების სანაცვლოდ ხელშეკრულების გადახედვას და ხელფასის (2027 წლამდე წელიწადში 1,4 მილიონი ევრო) გაზრდას ელოდა. მისი წარმომადგენელი წელიწადში ხუთ მილიონსა და ბონუსებს ითხოვს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას ვერ ეღირსა. მამუკა ჯუღელი „მარადონაზე” იყო, თამაშს ესწრებოდა, დე ლაურენტისმა კი შეხვედრა გადადო.

გოლებისა და კონტრაქტის განახლების ცდა პატური სიტუაციაა და ის ხეირს არ მოიტანს: „ნაპოლიმ” ნამდვილი კვარაცხელია, თავისი კვარადონა უნდა იპოვოს, რათა შტურმით შეუტიოს სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგაზე იოცნებოს.

calciomercato. 3 სექტემბერი, 2023