დღეს „ნაპოლი” „ლაციოს” მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს პირველობა სულ ორი ტურის დაწყებულია, შეხვედრა პრინციპული ხასიათისაა, რადგან ნეაპოლელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს, ხოლო რომაელები ორივეში დამარცხდნენ. მატჩს წინ მცირე სკანდალიც უძღვის — „ლაციოს” მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მავან ნეაპოლელ გულშემატკივარს შუა თითი აჩვენა, რაც ვიღაცამ გადაიღო და ვიდეო სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სარისგან შუა თითის ჩვენება იშვიათობა არ არის — ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ გუგლის საძიებო ველში ჩაწეროთ იტალიელი მწვრთნელის გვარი და „შუა თითი”. პასუხად ნახავთ, ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც სარი მავანთ შუა თითს ხან ერთი გუნდის მწვრთნელის რანგში აჩვენებს და ხან მეორის. მათ შორის არის ვიდეო, სადაც ჯერ კიდევ „ნაპოლის” თავკაცი სარი ავტობუსიდან „იუვენტუსის” ქომაგებს უმასპინძლდება ამ ჟესტით.
დრო როდესაც სარი „ნაპოლის” სული და გული იყო, წარსულს ჩაბარდა. კაცი, რომელმაც მშობლიური ქალაქის გუნდი ოდესღაც ლამაზად ათამაშა და სკუდეტომდე ცოტა დააკლდა — ახლა პრინციპული მეტოქეა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” ევროლიგა მოიგო, ხოლო „იუვენტუსმა”, რომელიც ზემოთ ფრიად დელიკატურ კონტექსტში ვახსენეთ — სკუდეტო.
რატომ აჩვენა მაურიციო სარიმ „ნაპოლის” ქომაგს შუა თითი? ამბობენ, რომ ქომაგმა მას მხოლოდ „ფორცა ნაპოლი” (წინ, ნაპოლი!) დაუყვირა, მან კი პასუხად მარად გამზადებული შუა თითი დაანახა. ამას სოციალურ ქსელებში „აძურის” გულშემატკივართა დიდი რისხვა მოჰყვა. ოდესღაც საყვარელ მწვრთნელს მათ უწოდეს მოღალატე, მდაბალი სულის ადამიანი და სხვა.
ჟურნალისტმა ანტონიო პეტრაცულომ სცადა „ლაციოს” მწვრთნელისთვის პირი მოეწმინდა და დაწერა, რომ მან ჰკითხა სარის თუ რა მოხდა სინამდვილეში, რაზეც სარიმ უპასუხა, რომ მას კონკრეტულმა ადამიანმა მიაყენა შეურაცხყოფა და პასუხიც იმა ერთმა მიიღო. ეს არ იყო ზოგადად „ნაპოლის” გულშემატკივართა შეურაცხყოფა. სარიმ პეტრაცულოს უთხრა, რომ დანარჩენს ქომაგებს, რომლებიც ვიდეოში ჩანან, მან ავტოგრაფები დაურიგა.