ირვინგ ლოსანო „ნაპოლიდან” „პსვ ეინდჰოვენში” გადავიდა. მექსიკელ მარჯვენა გარემარბს ნეაპოლში წინააღმდეგობრივი საფეხბურთო ცხოვრება ჰქონდა. იყო პერიოდები, როდესაც ის ბრწყინავდა და გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ მასში გადახდილ 40 მილიონ ევროს ამართლებდა. ასეთი იყო, მაგალითად 2020-21 წლების სეზონი, როდესაც მან 15 გოლი გაიტანა. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც „ჩაკიმ” ვერ ივარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. რაც შეეხება 2022-23 წლების საჩემპიონო სეზონს, მართალია ის გუნდის ორ-სამ მთავარ ვარსკვლავს შორის ვერ მოხვდა, მაგრამ უთუოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელთაგანი იყო.
ჰოლანდიაში დაბრუნებულმა მექსიკელმა დაწერა მოკლე ტექსტი. ამ ტექსტით მან ნეაპოლელ გულშემატკივარს მიმართა: „მადლობა ნეაპოლს დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი მანდ ცხოვრების პერიოდში ვგრძნობდით. ეს ჩვენთვის საუცხოო თავგადასავალი იყო. მე თქვენ მუდამ გულში მეყოლებით”.
ახლა ჩაკი კვლავ პსვ-შია, სადაც 2017-19 წლებში 79 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. ის ადრეც 27 ნომერი იყო და ახლაც 27 ნომერი აირჩია. მან ჰოლანდიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„ეინდჰოვენში დაბრუნება იყო როგორც ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის სურვილი. პირველი პერიოდი, რომელიც ჩვენ აქ რამდენიმე წლის წინ გავატარეთ, განსაკუთრებული გახლდათ. ის არასდროს დაგვავიწყდება. დიდი სურვილი მაქვს ამ კლუბში ახალი ისტორია დავწერო და ეს პერიოდი პირველზე უფრო ნაყოფიერი გამოდგეს”, — თქვა ლოსანომ.