Emilio Butragueno of Real Madrid CF gestures prior to the Pre-Season Friendly match between Real Madrid and AC Milan at Rose Bowl Stadium on July 23,...ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მეტოქეებად „რეალი”, „ბრაგა” და „უნიონ ბერლინი” არგუნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რთული და დაბალანსებულია, „რეალსა” და „ნაპოლის” გამოკვეთილ ლიდერებად მიიჩნევენ. საინტერესო იქნება მადრიდელთა მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დაბრუნება „მარადონაზე” — იტალიელი „ნაპოლის” 2018-19 წლებში ედგა სათავეში.

როგორი რეაქცია ჰქონდათ „რეალის” ფანებს როდესაც შეიტყვეს, რომ მათი მეტოქე „აძურია”? ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კომენტარების თანახმად მადრიდელებს მათი გუნდი პატივსაცემ ძალად მიაჩნიათ. areanapoli წერს, რომ პირველი კომენტარები, რომელიც სოციალურ მედიაში გამოჩნდა ასეთი იყო:

„მართალი ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ „ნაპოლი” უთუოდ პატივსაცემი გუნდია”.

„ჩვენ „ნაპოლისთან” ფავორიტები ვართ”.

„ეს ჯგუფი იოლი ნამდვილად არ არის. „ნაპოლის” სამი ვარსკვლავი ჰყავს, ოსიმენი, კვარა და დი ლორენცო. არც „უნიონ ბერლინი” გეგონოთ ხელწამოსაკრავი გუნდი”.

„ნაპოლი ჩინებული გუნდია. მასთან თამაში ძნელი იქნება”.

„კვარა ის ფეხბურთელია, რომელიც მომდევნო სეზონში თეთრი მაისურით უნდა ვნახოთ”.

„ანჩელოტი „ნაპოლის” კარგად იცნობს. ის ჩავა ნეაპოლში, მოიგებს და დაამტკიცებს, რომ კვლავ საუკეთესო მწვრთნელია”.

„ჩვენ აშკარა ფავორიტები ვართ”.

მონაკოში, წილისყრის დამთავრების შემდეგ, მიქს-ზონაში ჟურნალისტებს შეხვდა „რეალის” ერთ-ერთი დირექტორი, ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ემილიო ბუტრაგენიო, რომელმაც თქვა: „ნაპოლი” ძალიან სახიფათო მეტოქეა. ჩვენ მეტისმეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნეაპოლელებს უნიჭიერესი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ დასაძლევად მაქსიმუმის გაღება დაგვჭირდება. ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიის ჩემპიონთან ურთულესი თამაშები გველის. ოსიმენი და კვარაცხელია? დიახ, ისინი საუცხოო ფეხბურთელები არიან, მაგრამ სამწუხაროდ „ნაპოლიში” თამაშობენ”.