Kvaratskhelia, the agent is in Naples: what filters on the renewal„ნაპოლის” გუნდის დაკომპლექტების პერიოდი უდგას. ბოლო დღეებში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა დანიელი იესპერ ლინდსტრომი, რომელიც „აძურიმ” „აინტრახტისგან” იყიდა. იმავდროულად კლუბი „ეინდჰოვენში” ყიდის ირვინგ ლოსანოს და ამ აჟიოტაჟში თითქოს ყველას გადაავიწყდა, რომ ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტს წერტილის დასმა სჭირდება. „ილ მატინო” წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელ თავდამსხმელს გამზადებულ ხელშეკრულებაში ახალი პუნქტის შეტანა მოსთხოვა.

მთავარი ანუ ხელფასის საკითხი მოგვარებულია. დე ლაურენტისი მზად არის ვარსკვლავს წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამას დაამატეთ უფლებები იმიჯზე. დაითქვა გამოსასყიდი თანხაც, 150 მილიონი ევრო, მაგრამ აქამდე არ არსებობდა პუნქტი რომელსაც შეიძლება „ანტი-იუვე” ვუწოდოთ. დე ლაურენტისს უნდა, რომ ნიგერიელს არ ჰქონდეს „იუვენტუსში” გადასვლის უფლება. ეს ჯერ ერთი კლუბებს შორის ძველი ქიშპობით არის განპირობებული, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის: იტალიური პორტალების თქმით სერია A-ს ერთადერთი კლუბი, რომელსაც ოსიმენის გამოსყიდვა შეუძლია სწორედ „ბებერი ქალბატონია”. „იუვე” მომდევნო სეზონში ევროთასებს დაუბრუნდება და სრულიად შესაძლებელია, ნიგერიელის გადაბირება მოუნდეს.

ნეაპოლური საიტები იმასაც წერენ, რომ სკუდეტოს მოპოვებაში ოსიმენთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ამ ორ ფეხბურთელს „პარტენოპეელთა” ისტორიაში უკვე დამკვიდრებული აქვს ადგილი. დღის წესრიგში დგას კვარაცხელიას კონტრაქტის გადახედვაც. ნეაპოლში იმყოფება ქართველი გარემარბის აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელსაც კლუბთან სერიოზული მოლაპარაკება ელის. spazionapoli წერს, რომ დე ლაურენტისი მზად არის კვარაცხელიასაც მოუმატოს ხელფასი და ის წელიწადში 2,5 მილიო ევრომდე გაუზარდოს. ჯუღელს სურს მისი კლიენტის გასამრჯელო წელიწადში 5 მილიონი ევრო გახდეს. იტალიური პრესა ხაზს უსვამს, რომ შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ მხარეები ერთმანეთის მიმართ კეთილი განწყობით არიან და სავარაუდოდ, საერთო ენას გამონახავენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვიქტორ ოსიმენი კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო მიიღო.