გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი „მილანს” ვეღარ აჯობა და შეჯიბრებას გამოეთიშა. „პარტენოპეელებმა” „სან სიროზე” 0:1 წააგეს, შინ კი 1:1 ითამაშეს. წლეულს იტალიის ჩემპიონი შეეცდება გზა ბოლომდე გაირაოს.

დღეს  საქართველოს დროით 20 საათზე, მონაკოში, „გრიმანდი ფორუმში” გაიმართება კენჭისყრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პირველ კალათაში იქნება განთესილი. შესაბამისად, ისინი ჯგუფურ ეტაპზე აცდებიან „ბენფიკას”, „ბარსელონას”, „ბაიერნს”, „ფეიენოორდს”, „მანჩესტერ სიტის”, „პარი სენ ჟერმენს” და „სევილიას”. აქვე განვმარტოთ, რომ პირველ კალათაში მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი”, ევროლიგის გამარჯვებული „სევილია” და ექვსი ქვეყნის ჩემპიონი. დანარჩენ კალათებში გუნდები უეფას საკლუბო რეიტინგის მიხედვით გაანაწილეს.

„აძურის” არანაკლებ ძლიერი მეტოქეები შეიძლება შეხვდნენ მეორე კალათიდან სადაც იქნებიან „ატლეტიკო”, „არსენალი”, „დორტმუნდი”, „ლაიპციგი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” „პორტუ” და „რეალი”. ამავე კალათაშია ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტი „ინტერი”, მაგრამ ვინაიდან უეფას წესების თანახმად მეოთხედფინალამდე ერთი ფედერაციის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ჯგუფში „ნაპოლისა” და „ინტერის” ერთად მოხვედრა გამორიცხულია.

„ნაპოლისთან” ერთად ჯგუფში ვერ მოხვდებიან მესამე კალათაში განაწილებული იტალიური გუნდები „ლაციო” და „მილანიც”. სამაგიეროდ, მესამე კალათიდან მას შეიძლება შეხვდეს „ზალცბურგი”, „შახტარი” (გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი), „ბრაგა”, „ცრვენა ზვეზდა”, „კოპენჰაგენი” (დავით ხოჭოლავა) და „ეინდჰოვენი”.

მეოთხე კალათაში იქნებიან „იანგ ბოიზი”, „სელტიკი”, „გალათასარაი”, „ლანსი”, „ნიუკასლი”, „რეალ სოსიედადი”, „უნიონ ბერლინი” და „ანტვერპენი”.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება 2023 წლის 19-20 სექტემბერს; 3-4 ოქტომბერს; 24-25 ოქტომბერს; 7-8 ნოემბერს; 28-29 ნოემბერს და 12-13 დეკემბერს.

18 დეკემბერს შედგება მერვედფინალის წილისყრა. შემდეგი ეტაპების წილისყრა კი გაიმართება 2024 წლის 15 მარტს.

მერვედფინალური შეხვედრები ჩატარდება 2024 წლის 13/14/20/21 თებერვალს და 5/6/12/13 მარტს.

მეოთხედფინალები: 9/10 და 16/17 აპრილს.

ნახევარფინალები: 30 აპრილს/1 მაისს და 7/8 მაისს.

ფინალი: 2024 წლის 1 ივნისს ლონდონში, „უემბლის” სტადიონზე გაიმართება.