დანიელი იესპერ ლინდსტრომი ოფიციალურად გახდა „ნაპოლის” ფეხბურთელი. მის სანაცვლოდ იტალიის ჩემპიონმა „აინტრახტს” 25 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, თავად ფეხბურთელი კი წელიწადში 2,3 მილიონს მიიღებს.

„ნაპოლიმ” ლინდსტრომი შეტევის გასაძლიერებლად შეიძინა. კონტრაქტის თანახმად ის „მარადონაზე” ხუთ წელიწადს დაჰყოფს. 2000 წლის 29 თებერვალს დაბადებულმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

იტალიური პრესა ყურადღებას ამახვილებს ლინდსტრომის ამპლუაზე. „გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ დანიელი ნეაპოლში ერთი შეხედვით ირვინგ ლოსანოს შემცვლელად ჩაიყვანეს, მაგრამ ის კლასიკური გარემარბი არ არის. ის უფრო მეტად შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც გუნდისთვის მექსიკელთან შედარებით მეტი სათამაშო ვარიანტის შეთავაზება შეუძლია. ლინდსტრომს თავიდან გამთამაშებლად ზრდიდნენ, დღეს კი მას შეტევის ფაზაში ყველა როლის შესრულება შეუძლია.

მილანური გაზეთი ამტკიცებს, რომ „ნაპოლის” ახალწვეული იმ შემთხვევაშიც გამოდგება, თუ რუდი გარსია 4-2-3-1 განლაგებაზე გადაერთვება. გერმანიაში, ამ სქემაში მას უფრო ფრთაზე იყენებდნენ. მისი ოსტატობა კარგად გამოჩნდა 2021-22 წლების სეზონში, როდესაც ფრანკფურტის გუნდმა ევროლიგა მოიგო. ლინდსტრომი მარჯვენა ფრთაზე გამოდიოდა, დაიჩი კამადა, რომელიც ახლა „ლაციოშია” — მარცხენაზე, თუმცა ისინი პოზიციებს ცვლიდნენ და მოწინააღმდეგეებს აბნევდნენ.

რა ადგილს მიუჩენენ ლინდსტრომს ნეაპოლურ 4-3-3 განლაგებაში? არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. პირველი ის, რომ ის ჯაკომო რასპადორისა და ელიფ ელმასის მსგავსად შეიძლება იყოს ჯოკერი, რომელსაც ნებისმიერ წუთს ნებისმიერ პოზიციაზე გამოიყენებ. ასეთ შემთხვევაში მას ნომინალური პოზიცია არ ექნება და როტაციაში მიიღებს მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდს სერია A-ს გარდა ჩემპიონთა ლიგაშიც უწევს თამაში, ეს კარგი ვარიანტია.

მარჯვენა ფრთა დანიელისთვის კიდევ ერთი მისაღები ვარიანტია და არ არის გამორიცხული, რომ მას თავიდანვე ეს პოზიცია ჩააბარონ. ასეთ შემთხვევაში ლინდსტრომს, რასაკვირველია მატეო პოლიტანოსთან მოუწევს კონკურენცია.

მარჯვნივ თამაშის შემთხვევაში მას შეუძლია შევიდეს ხოლმე შუაში და აუტის გასწვრივ ჯოვანი დი ლორენცოს დაუტოვოს სივრცე შეტევისთვის.

„გაძეტა დელო სპორტის” აზრით ლინდსტრომის მარცხნივ დაყენება პრობლემურია, რადგან იქ ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელია. მარცხენა მხარეს კარგად ნავარდობს პიოტრ ჟელინსკიც. აი, თუ სქემა 4-2-3-1 გახდება და პოლონელი გამთამაშებლის პოზიციაზე გადაინაცვლებს, მაშინ დანიელს შეიძლება ალტერნატიურლი ვარიანტი გამოუჩნდეს.

ლინდსტრომი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ დაღვინებული ფეხბურთელია. მას სერია A-თან შეგუება დიდხანს არ დასჭირდება. გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში, დანიელმა 9 გოლი გაიტანა, ერთი სეზონით ადრე კი — 5. ამ სეზონებში მას ჰქონდა 5 და 9 საგოლე პასი. სულ ლინდსტრომმა გერმანიის ჩემპიონატში 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი ჩააწოდა. მანამდე ის მშობლიურ „ბრონდბიუში” გამოდიოდა.

იესპერ ლინდსტრომს გოლები ძირითადად მარჯვენა ფეხით გააქვს, თუმცა მასზე ვერავინ იტყვის ცალფეხააო. კარგად არტყამს შორი მანძილიდან.

რაც შეეხება ტრავმებს, გასულ სეზონში მას კოჭის ტკივილის გამო 47 დღე გაუცდა. კუნთების გაწყვეტის, დაჭიმვის თუ დაღლის პრობლემა კარიერაში არ ჰქონია.

ფასით დაახლოებით ჟელინსკის და პოლიტანოს კალიბრისაა: 25-30 მილიონის ფარგლებში ტრიალებს. პოლონელი და იტალიელი ალბათ რამდენიმე მილიონით უფრო ძვირად ფასობენ.

„ნაპოლიში” ლინდსტრომის კონკურენტები იქნებიან ჟელინსკი, პოლიტანო, ელმასი და რასპადორი.