Jesper Lindstroem of Eintracht Frankfurt is tackled by Scott McKenna of Nottingham Forrest during the pre-season friendly match between Eintracht...იესპერ ლინდსტრომი გუშინ საღამოს რომში ჩაფრინდა. დღეს ის „ვილა სტუარტში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ნაპოლისთან” 2028 წლამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს.

23 წლის დანიელ ნახევარმცველს ფლუმიჩინოს აეროპორტში „ნაპოლის” გულშემატკივართა ჯგუფი დახვდა.

რა როლს ითამაშებს ლინდსტრომი რუდი გარსიას სქემაში, დაზუსტებით არავინ იცის. მას სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ეხერხება. დანიელს შეუძლია იმოქმედოს ორივე ფრთიდან, უფრო მარცხნიდან, თუმცა სავარაუდოდ, ის მექსიკელ ირვინგ ლოსანოს შეცვლის, ვინაიდან ლოსანო „ეინდჰოვენში” ბრუნდება. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ იტალიელი ჟურნალისტები.

ლინდსტრომი ფიზიკურად ძლიერია (სიმაღლე: 182 სანტიმეტრი), არც სისწრაფე აკლია და ამასთან ერთად ტაქტიკურად გონიერი ფეხბურთელია. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ დანიელი „პარტენოპეელთათვის” ფასეული შენაძენი იქნება.

ფრანკფურტის „აინტრახტში” გატარებულ ბოლო სეზონში ლინდსტრომმა მონაწილეობა მიიღო 38 შეხვედრაში, გაიტანა 9 გოლი და ჩააწოდა 4 საგოლე პასი. სულ, გერმანულ კლუბში მან 80 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა.

იესპერ ლინდსტრომს დანიის ნაკრებში 10 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.