Baraja, serious in the Mestalla bandპარასკევს, 1 სექტემბერს სატრანსფერო ბაზარი იხურება, გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა კი სულ უფრო მეტად ბრაზდება. ესპანური პორტალი superdeporte წერს, რომ ბარახას გაბრაზება სამართლიანია, რადგან დღეს „ღამურების” შემადგენლობა გაცილებით სუსტია, ვიდრე გასულ სეზონში. „ვალენსია” რომ ხელმოკლე კლუბია „ელ პიპომ” პირველივე დღიდან იცოდა, მაგრამ ის, რაც ზაფხულში მოხდა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც ის და ხელმძღვანელები შეთანხმდნენ. კლუბმა მწვრთნელს პირი უტეხა. დრო კი სულ უფრო ნაკლები რჩება — რამდენიმე დღე. დაახლოებით 90 საათი.

რეალობა ძალიან მძიმეა. გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები აკლია. superdeporte-ს აზრით ყველაზე მეტად გასაძლიერებელი ნახევარდაცვაა. არც ფლანგებზეა საქმე კარგად და თავდასხმაშიც აშკარა პრობლემა იკვეთება.

„ელ პიპო” აგვისტოს დასაწყისში 5-6 შემტევი უნარების მქონე ფეხბურთელს ითხოვდა, თვის ბოლოს კი ხელთ მხოლოდ ერთი ახალწვეული სერხი კანიოსი შერჩა, რომელიც 250 000 ევრო ღირს. წასულ-მოსულების შედარება შემაშფოთებელია: გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა. მოვიდნენ ხსენებული კანიოსი, საყრდენი ნახევარმცველი პეპელუ და… ჯერ არ მოსულა, მაგრამ ელოდებიან მაროკოელ სელიმ ამალას. თურქი მცველი ჩენკ ოსკაჩარი არ ითვლება, რადგან ის ახალი სახე არ არის. იჯარის წესით ისედაც „ვალენსიაში” თამაშობდა, ახლა უბრალოდ გამოისყიდეს. შეგახსენებთ, რაფა მირის ამბავსაც, რომელიც ყველას უკვე „ვალენსიას” ფეხბურთელი ეგონა, მაგრამ ბოლოწამს ტრანსფერი ჩაიშალა.

აი, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბარახამ დირექტორატს ერთი ჩამშლელი ნახევარმცველის ყიდვაც სთხოვა და შედეგად რა მიიღო? „ოსასუნასთან” შეხვედრაში მწვრთნელს ამ პოზიციაზე ცენტრალური მცველის მუკტარ დიაკაბის გამოყვანა მოუხდა.

ედინსონ კავანისა და მარკოს ანდრეს წასვლის შემდეგ გუნდი ერთადერთი თავდამსხმელის, უგო დუროს ამარა დარჩა, რომელიც აშკარად არ არის კლასიკური ცენტრფორვარდი. თან დურო ტრავმას მკურნალობს, მაგრამ ბარახა იძულებული გახდა „ოსასუნასთან” შეხვედრაში ის მოედანზე ბოლომდე დაეტოვებინა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და იმიტომ.

რუბენ ბარახამ ბოლო პრეს-კონფერენციაზე კლუბს ერთხელაც შეახსენა „ღამურებში” შექმნილი სავალალო მდგომარეობა, მაგრამ… ვითომ საქმეს ამით ეშველება რამე?

სატრანსფერო ფანჯარა ხომ პარასკევს იხურება.