Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Matheus Henrique of US Sassuolo compete for the ball during the Serie A Tim match between SSC Napoli and US...„ნაპოლიმ” სერია A-ს მეორე ტურში „სასუოლოს” ვიქტორ ოსიმენის პენალტითა და ჯოვანი დი ლორენცოს გოლით 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მასპინძლებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯაკომო რასპადორიმ თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ის იყო, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე შეიყვანა.  სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მატეო პოლიტანო შეცვალა. მოედანზე შესვლიდან ორ წუთში კვარაცხელიამ დი ლორენცოს საგოლე პასი მიაწოდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩი DAZN-თან ინტერვიუში ასე შეაფასა:

ოსიმენი

ოსიმენმა მოედანი გაბრაზებულმა რატომ დატოვა? მას საამისო მიზეზი ჰქონდა. ჩვენ 6 ქულა გვაქვს, მაგრამ შეტევაში უკეთ უნდა ვთამაშობდეთ. კმაყოფილი ვარ ვიქტორმა მეორე პენალტის დარტყმა რასპადორის რომ დაუთმო. ამ საქციელით ის წარმოჩნდა, როგორც დიდი თავდამსხმელი, რომელიც გუნდზე ფიქრობს.

ნატანი

ნატანს დრო სჭირდება. ის ახალგაზრდაა, ბრაზილიიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და იტალიურად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს და ძველებურად მორიდებულიც აღარ არის. მე დაცვაში რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ამჯერად ჟუან ჟესუსის გამოცდილებას დავეყრდენი.

რასპადორი

პენალტს ყველა აცილებს. რასპადორი შემტევი ფეხბურთელია, რომელსაც ცენტრფორვარდის უკან რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის მხოლოდ თავდამსხმელის უნარებით კი არ გამოირჩევა, არამედ გუნდური თამაშითაც.

კვარა

მას მოსამზადებელი პერიოდი გაუწყდა, ხუთი კვირიდან მგონი სულ ორი თუ ორნახევარი ივარჯიშა. ამიტომაც ვიფიქრე, რომ მისი შეყვანა მაშინ აჯობებდა, როდესაც მეტოქე უკვე დაღლილი იქნებოდა. გასულ კვირაში მან ნორმალურად ივარჯიშა. ახლა დაბრუნდა და მშვენივრად თამაშობს.

შემდეგ გარსიამ მკაფიოდ გამოხატა, თუ რას ითხოვს თავისი გუნდის ფეხბურთელებისგან მიმდინარე სეზონში: „ერთ მშვენიერ დღეს თუ იგრძენი, რომ დაღლილი ხარ, მაისურზე გამოსახულ სკუდეტოს დაჰხედე და მიხვდები, რა უნდა გააკეთო”.

შემდეგი შეხვედრა „ნაპოლის” შაბათს, 2 სექტემბერს შინ „ლაციოსთან” აქვს. პირველ ორ ტურში „ლაციომ” „ლეჩესთან” 1:2, ხოლო „ჯენოასთან” 0:1 წააგო.