Atalanta BC coach Gian Piero Gasperini celebrates following the Serie A match between Atalanta BC and AC Monza at Gewiss Stadium on June 04, 2023 in...დღეს სერია A-ს მეორე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” „ატალანტას” მასპინძლობს. „ფროზინონემ” პირველ შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:3 წააგო, ბერგამოელებმა კი სტუმრად „სასუოლოს” მოუგეს 2:0. ეს ის „სასუოლოა”, რომელიც ხვალ „დიეგო მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ეთამაშება.

„ფროზინონესა” და „ატალანტას” შეხვედრის წინ, პრეს კონფერენციაზე, ბერგამოს გუნდის მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ „ატალანტას” მონდომებულ მეტოქესთან ელის დაპირისპირება, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა და ყველა ღონეს იხმარს, რათა უძლიერესთა შორის დამკვიდრდეს. ამიტომ, ბერგამოელებს ყურადღებით მართებს თამაში.

შემდეგ გასპერინის ახალი სეზონის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ძალიან დაბალანსებულ ჩემპიონატს ველი. სუსტ და საშუალო გუნდებს შორის სხვაობა მეტისმეტად შემცირდა. იმავდროულად, გაძლიერდნენ დიდი გუნდები: „იუვენტუსი”, „ინტერი” და „მილანი”.

გასპერინიმ არ ახსენა იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი”, რამაც მისი გულშემატკივრები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელში შეუტიეს „ატალანტას” თავკაცს. გასპერინი ზაფხულში ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ უარი თქვა.