ამერიკელმა ლესბოსელმა ფეხბურთელმა, მეგან რაპინომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი გააკრიტიკა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიისას ფეხბურთელის კოცნის გამო.

„რუბიალესის კოცნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მასში მყოფ მამაკაცებში სექსიზმის ღრმა დონეზე მეტყველებს. იყო კიდევ ერთი სურათი, რომელიც ამას მიანიშნებს – ფინალური სასტვენის შემდეგ რუბიალესმა საზარდულზე იტაცა ხელი.

რა არის ეს, თავდაყირა დადგა სამყარო? საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც უნდა იზეიმო, ფეხბურთელს ეს კაცი ფიზიკურად აყენებს შეურაცხყოფას“, – განაცხადა რაპინომ The Atlantic-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ  რუბიალესი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სექსისტურ სკანდალში მოექცა. ფუნქციონერმა თავზე მოჰკიდა ხელი ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს და ვნებიანად აკოცა ტუჩებში.

სოციალურ ქსელებში ამ ეპიზოდის კომენტირებისას ერმოსომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მოეწონა ის, რაც რუბიალესმა გააკეთა. თავად ინციდენტმა საფეხბურთო საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია. რუბიალესმა კი განაცხადა, რომ „ეს იყო მომენტი, როდესაც ორი მეგობარი გამარჯვებას ზეიმობდა”.