გიორგი მამარდაშვილის ახალი თანაგუნდელი, სერხი კანიოსი ბრძოლისთვის მზად არის. მართალია, სატრანსფერო გაურკვევლობის გამო მისი სეზონისწინა პერიოდი საუკეთესო არ იყო, მაგრამ ფეხბურთელის მოწადინება ნამდვილად სამაგალითოა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველის კარიერამ მეტწილად ინგლისში ჩაიარა. 2015-16 წლებში ის „ლივერპულში” ირიცხებოდა და „ბრენტფორდში” იყო იჯარით გაშვებული. 2016-17 წლებში იყო „ნორვიჩ სიტიში”. 2017-23 წლებში იყო ისევ „ბრენტფორდი”, საიდანაც ბოლოს, ცოტა ხნით „ოლიმპიაკოსში” „გააქირავეს”. და აი, დადგა „ვალენსიას” დროც.

ნულესში დაბადებულმა ფეხბურთელმა „ღამურებთან” 2027 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი. კანიოსის შეძენით ვალენსიელთა მწვრთნელი რუბენ ბარახა კმაყოფილია. აქამდე მას ეგრეთწოდებული „ცრუ ცხრა ნომრის” ანუ მეორენაირად სპეციფიკური ცხრა ნომრის პოზიციაზე მარტო უგო დურო ჰყავდა.

„ვფიქრობ, გუნდში ბევრი რამის მოტანა შემიძლია, — თქვა კანიოსმა პრეზენტაციაზე, — 4-4-2 განლაგების დროს დამხმარე თავდამსხმელად თამაშიც მეხერხება”.

„ვალენსია” კვირას „მესტალიაზე” „ოსასუნას” ხვდება და კანიოსის დებიუტი სავარაუდოდ მანდ შედგება. ელოდებიან, რომ ბარახა მას მოედანზე მეორე ტაიმში შეიყვანს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ივარჯიშებს კანიოსი ამ დღეებში. პირველ ორ ტურში „პიპო” ახალგაზრდებს, ფრან პერესს და დიეგო ლოპესს ეყრდნობოდა. დამხმარე ფორვარდის პოზიციაზე გასულ სეზონში სამუ ლინო, ჯასტინ კლუივერტი ან სამუ კასტილეხო თამაშობდნენ. კასტილეხო კვლავ „ვალენსიაშია”.