სერია A დაიწყო. ჩემპიონმა „ნაპოლიმ” სტუმრად დაამარცხა „ფროზინონე” 3:1. მე-7 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა პენალტით გახსნეს, გოლი მაროკოელმა ნახევარმცველმა აბდუ ჰარუიმ გაიტანა. 24-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ანგარიში გაქვითა, ხოლო 42-ე და 79-ე წუთებზე ვიქტორ ოსიმენმა კიდევ ორჯერ შეაგდო და ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ მოხვდა მას-მედიის პირველ გვერდებზე.
ეს გახლდათ ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას დებიუტი „პარტენოპეელთა” თავკაცის რანგში. მან იტალიაში 2013 წელსაც გამარჯვებით დაიწყო — მისი ხელმძღვანელობით „რომამ” ლივორნოში 2:0 გაიმარჯვა.
„ფროზინონესთან” შეხვედრის შემდეგ გარსიამ თქვა: „ჩემს ყველა ნახევარმცველს, — მათ, ვინც სასატარტო შემადგენლობაში იყვნენ და ანგისას, — მოედანზე სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. ფლანგებზე როტაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ნახევარდაცვაშიც. პირველ ტაიმში ცოტა მძიმედ ვთამაშობდით, თუმცა მომეწონა, რომ ამის გამო არ გვიპანიკია. ბიჭებს ვუთხარი, შესაძლოა გოლი გავუშვათ, მაგრამ მთავარია თამაში განვაგრძოთ, მეთქი. დამატებით გამახარა იმ ფაქტმა, რომ ოსიმენმა ორი გოლი გაიტანა”.
გოლი საჯარიმოს გარედან: „გოლამდე პოლიტანოსაც ჰქონდა საჯარიმოს გარედან დარტყმის შესაძლებლობა და რასპადორისაც. მათ არ დაარტყეს. არადა, როგორც კი ეს მოხდა, გოლი გავიდა. ჩვენ საჯარიმოს გარედან ხშირად უნდა ვურტყათ. ეს გოლის გატანის ერთ-ერთი ვარიანტია”.
ოსიმენი: „ოსიმენი შეტევაში ძალიან კარგი იყო, დაცვაში კი ძალიან არ მომეწონა. მე მას ვუთხარი, რომ ადრე ის დაცვას მეტად ეხმარებოდა და მეტოქეს პრესინგს ეთამაშებოდა. ერთი სიტყვით, ეს ასპექტი გამოვასწორეთ, რის შემდეგაც, მეორე ტაიმში, გუნდის თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და მე ის მოედანზე დავტოვე სანამ მეორე გოლს არ გაიტანდა. ოსიმენმა დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს”.
ოსიმენის მენტალური მდგომარეობა: „დღეს ნამდვილი ბრძოლა იყო, ხოლო ბრძოლაში ის ყოველთვის ჩართულია. ვარჯიშებზეც კი, როდესაც შეჯიბრების ელემენტი შემოდის მას გამარჯვება სწყურია. მოგებისთვის ბრძოლა მისი ხასიათის თვისებაა და ეს არასდროს შეიცვლება”.
კაიუსტი: „დღეს კაიუსტს არ გაუმართლა. ასეთი რაღაცები ხდება. დებიუტი იოლი არ არის, მაგრამ მერე მან გამოასწორა მდგომარეობა. მე ის იმიტომ გამოვცვალე, რომ ყვითელი ბარათი მიიღო. ყვითელი ბარათები მიიღეს ოლივერამ და ლობოტკამაც, მაგრამ ისინი უფრო გამოცდილები არიან და თავის ხელში აყვანა შეუძლიათ. კაიუსტთან დაკავშირებით გარისკვა არ მინდოდა”.
ლობოტკას მარქაფა: „გეთანხმებით, რომ ლობოტკას შეცვლა ძალიან ძნელია. ოსტიგორი მოედანზე შევიდა, როგორც დაცვის დამხმარე ნახევარმცველი. ის ამ ამპლუაში შეიძლება ძალიან გამოგვადგეს. ლეო გონიერია და ტექნიკური”.
ჟელინსკი: „ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ამაში დღესაც დავრწმუნდით. ბოლო დღეებია იღიმება. ესე იგი, მასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდა. ეს კი ყველაზე მეტად მე მიხარია, რადგან ჟელინსკი ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელია”.