ამერიკელები რუმინელებზე ბევრად ყოჩაღები გამოდგნენ და საწყენია, რომ მსოფლიო თასზე „სტეჟარები“ ითამაშებენ და არა „არწივები“. ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ნაკრებმა „მესხზე“ ერთობ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბორჯღალოსნებს, რომლებსაც კარგი სპარინგი ხომ გამოუვიდათ და გარდა ამისა, ქართველებს 26 აგვისტოს ედინბურგის „მარიფილდზე“ გასამართი ბოლო ტესტის წინ განწყობაც აბსოლუტურად დადებითი შეექმნათ.
22:7 – ასეთი ანგარიშით მოიგეს ლევან მაისაშვილის ბიჭებმა, რომელთაც, ერთი შეხედვით, ისეთი მწყობრი და ლამაზი თამაში არ გამოსვლიათ, როგორც რუმინელების წინაღმდეგ. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ოთხიდან ორ საკვანძო პოზიციაზე ტრავმების გამო დიდი ხნის უთამაშებელმა ბიჭებმა ითამაშეს – 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ და ფულბექმა დავით ნინიაშვილმა. ასევე კარგა ხანი არ გამოჩენილა მინდორზე სანდრო თოდუა, ვისაც ასევე ტრავმა ჰქონდა მოსაშუშებელი, ბექა გიგაშვილი კი ნაკრებს სულ რაღაც 10 დღის წინ შეუერთდა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. სამწუხაროდ, ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო კიდევ ერთი ლიდერი – ბექა გორგაძეც გვაკლია. ამ უკანასკნელის გარდა ხსნებული ოთხეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრების სასტარტოში აღმოჩნდა და გუნდის თამაშმაც ამ ფერიცვალება დღეს ფერი იცვალა.
ვერ იტყვი, რომ უარესობისკენ – მეტოქეც ხომ უფრო ძლიერი იყო. თუმცა, არც უკეთესობა შეიმჩნეოდა. მწვრთნელები ასეთ თამაშებს სულ სხვა დატვირთვას აძლევენ და მთავარიც სწორედ მათ მიერ დანახულია, ჩვენ მხოლოდ შთაბეჭდილებას და ზედაპირულ ანალიზს გთავაზობთ.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ჩანს – გუნდი არანორმალრად ბრძოლისუნარიანია, ფიზიკურად საოცრადაა მომზადებული და რიცხობრივ უმცირესობაშიც კი არაფერს უთმობდა საკმაოდ ხისტ და ჯანიან ამერიკელებს.
აკა ტაბუცაძე ლელოს გარეშე არც ამჯერად გავიდა მინდვრიდან – თამაშის დღეს 26 წლის შესრულებულმა გარემარბმა 30-ე კეპი მიითვალა და მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა. ეს იყო მისი 29-ე ლელო, რომელიც მის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე ლამაზ ხელდახელ გათამაშებას მოყვა. ლუკა მატკავამ კიდიდან ააცილა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 28-ეზე შალვა მამუკაშვილმა მოლი შედეგიანად დააგვირგვინა, მატკავამ უნაკლოდ გარდასახა და ბორჯღალოსნები წინ უკვე საგრძნობლად გაიჭრნენ – 12:0.
თითქოს, ქართველები სიტუაციის უპირობო ბატონ-პატრონები გახდნენ, მაგრამ სულ მალე ამერიკელებმა იშვიათ შანსთაგანი უზადოდ გამოიყენეს და კონტრშეტევაზე გამოიჭირეს მასპინძლები. გარდასახეს კიდეც და ანგარიში 12:7 გახდა. ამას დაემატა ტაიმის მიწურულს თოდუას მაღალი ბოჭვა და ცენტურიონს 10-წუთიანი სინბინი გამოუწერეს.
მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი კაცნაკლულმა ქართველებმა ძირითადად დაცვაში გაატარეს, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მოახერხეს ლელოს გატანა – თამაშს მოწყურებულ ნინიაშვილს, როგორც იქნა, გამოუვიდა გარღვევა და მატკავას გარდასახვის შემდეგ ანგარიში 19:7 გახდა.
ხოლო როცა გადამწყვეტი, დასკვნითი მეოთხედი იწყებოდა, ლუკა მატკავამ კარგა 40 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა გაიტანა და გუნდმა კომფორტული, 15-ქულინი უპირატესობა შეიქმნა. – 22:7.
ცხადია, ამერიკელებს ამ ჩამორჩენის ამოქაჩვის თეორიული შანსი თუ ჰქონდათ, თორემ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს 15 ქულას ცოტა ვინმე თუ აღმოუფხვრის.
მაშ ასე: „შადრემ“ 99-ე კეპი მოიხვეჭა, აკამ 29-ე ლელო მიითვალა და გუნდმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო და თუ მათ განწყობას, მომზადებასა და მოტივაციას გავითვალისწინებთ, 26-ში „მარიფილდზე“ უმაგრეს შოტლანდიასთანაც არ აპირებენ ამ სერიის შეწყვეტას.