Spallettiლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელია. მას მერე, რაც „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა, ტოსკანელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დათანხმდა. მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ახალ მწვრთნელს საზოგადოებას ოფიციალურად კოვერჩანოს საწვრთნელ ცენტრში სექტემბრის პირველ დღეებში წარუდგენენ.

რა ხელფასს მიიღებს სპალეტი ეროვნულ გუნდში? მისი ხელფასი „ნაპოლიში” წელიწადში 3,2 მილიონი ევრო იყო, ნაკრებში კი, კომპეტენტური ხალხის თქმით, 3 მილიონზე ნაკლები იქნება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა: „მივესალმოთ ლუჩანო სპალეტის. ნაკრებს დიდი მწვრთნელი სჭირდებოდა და მიხარია, რომ მან „სკუადრა აძურას” გაძღოლა ითავა. მისი ენთუზიაზმი და კომპეტენცია ეროვნული გუნდისთვის მომდევნო თვეების ამოცანის გადასაწყვეტად ფუნდამენტურია”.

ბოლო დღეებში, მას მერე რაც დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრებს შეიძლებოდა სპალეტი ჩადგომოდა სათავეში, დიდი ამბავი ატყდა მისი და „ნაპოლის” შეთანხმების გარშემო. მწვრთნელს კონტრაქტის თანახმად „ნაპოლიში” კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ მოიპოვა თუ არა სკუდეტო, წასვლა ამჯობინა და „პარტენოპეელთა” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გათავისუფლება სთხოვა. დე ლაურენტისი დათანხმდა, მაგრამ პირობა ჩამოართვა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში არსად იმუშავებდა. პირობის დარღვევის შემთხვევაში სპალეტის „ნაპოლისთვის” 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

ახლა, როდესაც სპალეტი ნაკრების თავკაცი გახდა, მას დე ლაურენტისისთვის დათქმული თანხა წესით გადასახდელი აქვს, მაგრამ „ნაპოლის” ნდობით აღჭურვილმა ვექილმა მატია გრასანიმ სააგენტო Ansa-თან ინტერვიუში თქვა: „სპალეტი ფულს მარტივად არ გადაიხდის”.

calcionapoli1926 წერს, რომ დე ლაურენტისი სასამართლოში აპირებს ჩივილს, მაგრამ სპალეტი და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მშვიდად არიან და სასამართლოს არ უფრთხიან.

სპალეტისთვის იტალიის ნაკრებში დებიუტი 9 სექტემბერს სკოპიეში, ჩრდილო მაკედონიასთან, ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრაში შედგება. პირველ საშინაო შეხვედრას კი „ნაპოლის” ყოფილი თავკაცი მილანში, 12 სექტემბერს, „სან სიროზე”, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.