გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა „ღამურებმა” ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს. სტუმრად „სევილიასთან” გამარჯვების შემდეგ მათი მეორე მსხვერპლი „ლას პალმასი” გახდა, რომელიც „ჩეებს” „მესტალიაზე” ესტუმრა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ვალენსიას” ბოსებმა ამ ზაფხულში იყიდეს არის ნახევარმცველი ხოსე გარსია, იგივე პეპელუ, რომელმაც 73-ე წუთზე სტუმრებს პენალტი გაუტანა.

„ჩეებს” მანამდეც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ „ლას პალმასის” მეკარემ ალვარო ვალესმა კარგი თამაშით გამოიჩინა თავი. მან დიეგო ლოპესსა და ტიერი კორეიას აჯობა, მის ქართველ კოლეგას კი თავისი ოსტატობის ჩვენების საშუალება არ მისცემია. მამარდაშვილს სტუმრებმა კარში სულ ერთხელ დაურტყეს და ის ამ დარტყმას ადგილზე დახვდა. მანამდე იყო ეპიზოდი, როდესაც გიორგიმ კარგი რეაქციით მოიგერია მეტოქის დარტყმული, მაგრამ მეტოქე ოფსაიდში აღმოჩნდა და „ვალენსიას” გოლკიპერს ეფექტური თამაში სტატისტიკაში მოგერიებად არ ჩაეწერა.