Luciano Spalletti head coach of SSC Napoli during the Serie A football match between SSC Napoli and US Sampdoria at Diego Armando Maradona stadium....„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის ნაკრების გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე თავისი აზრი გამოთქვა. მან „კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში ბრძანა:

„მას მერე, რაც მას მედიის საშუალებებში თვით ავტორიტეტულმა კომენტატორებმაც კი აბსტრაქტულ მოსაზრებათა მთელი ზვავი მოწყვიტეს, საჭიროდ ჩავთვალე ნათელი მომეფინა ლუჩანო სპალეტის საქმისთვის. სპალეტის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად მოიხსენიებენ.

მე ეროვნულ გუნდს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ახალგაზრდობაში „ნაპოლის” გარდა ის იყო ერთადერთი, რომელსაც გულით ვქომაგობდი.

მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის თანახმად „ნაპოლიში” კიდევ ერთი სეზონი უნდა გაეტარებინა, სპალეტიმ მწვრთნელობისგან დასვენების სურვილი გამოთქვა, მითხრა რა, რომ ძალიან დაიღალა. მე შემეძლო მისთვის საკონტრაქტო პირობების შესრულება მომეთხოვა, მაგრამ მის მიერ გაწეულ შრომას პატივი ვეცი და დავყაბულდი. მე მას მივეცი საშუალება კარგა ხნით დაესვენა. შესაბამისად, მე შევუდექი ახალი მწვრთნელის ძებნას. მჭირდებოდა დიდი გამოცდილებისა და პრესტიჟის მქონე ადამიანი. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაგენი რუდი გარსიას, რომელიც უეჭველად დიდ საქმეს გააკეთებს.

რაც შეეხება სპალეტის, მე ყური მივუგდე „ნაპოლის” მილიონობით გულშემატკივრის ხმას და მათი სიყვარულის გამო მწვრთნელს ნება დავრთე ხელშეკრულების პირობები ბოლომდე არ შეესრულებინა. ერთადერთი, რაც საპასუხოდ ვთხოვე გახლდათ გარანტია, რომ დასვენების პერიოდში სამუშაოდ სხვაგან არ წასულიყო და პირობის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დავუთქვი.

დღეს, როდესაც ნაკრების მწვრთნელის თემას განვიხილავთ, ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ რობერტო მანჩინი თანამდებობიდან მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ორიოდ კვირით ადრე წავიდა. აქ ორ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. პირველი, წესით ფედერაციაში უნდა იცოდნენ როგორც შეინარჩუნონ ურთიერთობები თავიანთ თანამშრომლებთან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ისინი არ გაექცნენ. არსებობს სამართლებრივი ხერხები, რომლებითაც შეიძლება ეს ხალხი აიძულო დარჩეს სამსახურში. არსებობს ხელშეკრულებათა შესრულების სხვადასხვა მეთოდი. მათ შორის არის საჯარიმო სანქციებიც.

მეორე კი ის გახლავთ, რომ თუ არჩევანი შეაჩერეს სპალეტიზე — არაჩვეულებრივ მწვრთნელზე, რომელსაც აქვს უმაღლეს დონეზე მუშაობის 25 წლიანი სტაჟი, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი ათამაშა — და მას შემდეგი სამი წლის განმავლობაში წელიწადში მილიონ ევროს ჰპირდებიან, რატომ არ ფიქრდებიან, რომ მას „ნაპოლისთან” საკონტრაქტო ვალდებულება აქვს და წელიწადში ერთი მილიონი ევრო (ბრუტო) ექნება გადასახდელი? ეს ნაადრევად წასვლის საფასურად მისი ვალდებულებაა არა მხოლოდ „ნაპოლის”, არამედ კლუბის მილიონობით გულშემატკივრის წინაშე. მაშინ, ეკისრათ მწვრთნელის სახელით ამ თანხის გადახდაც, ხოლო თუ ამაზე არ იფიქრეს, მაშინ მათი მოქმედება თანმიმდევრული არ გამოდის.

„ნაპოლისთვის” სამი მილიონი დიდი თანხა აშკარად არ არის. ჩემთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის ის კიდევ უფრო მცირეა. მაგრამ აქ საქმე ფულზე კი არა, პრინციპზეა. თან ეს პრინციპი მხოლოდ „ნაპოლის” კი არა, მთელს იტალიურ ფეხბურთს ეხება. იტალიურმა ფეხბურთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოიშოროს გამოწვევებისადმი თავისი დილეტანტური დამოკიდებულება და ბიზნესის, ბაზრის, სააქციო საზოგადოებების კანონებით უნდა იცხოვროს”.