იტალური გამოცემების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გააგრძელებს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.
Tuttomercatoweb-ი წერს, რომ „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ქართველი ახალ კლუბში იჯარით გადავა, თუმცა ხელშეკრულება „სპეციას“ ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იჯარის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.
კიდევ ერთი გამოცემის, spezia1906-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რამდენიმე დღე გრძელდებოდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა – გელაშვილი რომში 18 აგვისტოს უნდა ჩავიდეს და ლიგურიაში გამგზავრებამდე დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიაროს. კონტრაქტის ფორმულა ასეთია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით (1+3 წელი).