ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია, მაგრამ „კორიერე დელო სპორტის” თქმით, ჯერჯერობით მის თანამდებობაზე დანიშვნას კვლავ აურელიო დე ლაურენტისი ეღობება. „ნაპოლის” მეპატრონეს სპალეტისთან ხელშეკრულება აქვს, რომლის თანახმადაც, თუ მწვრთნელი წლეულსვე სხვაგან დაიწყებს მუშაობს, მას 3 მილიონი (ზოგი წყაროს თანახმად 2,8 მილიონ) ევროს უნდა გადაუხადოს.
napolipiu წერს, რომ 2,8 მილიონი ევრო იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის მცირე თანხა არ არის, არადა ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მთავარ კანდიდატთან შელევა არ უნდა. ამბობენ, რომ იტალიელ გულშემატკივარსაც ყველა სხვა კანდიდატს „აძურის” ყოფილი თავკაცი ურჩევნია.
საფეხბურთო მიდი-მოდის სპეციალისტი ალფრედო პედულა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს:
„ერთწლიანი უქმობა? არა, გმადლობთ. სადაცაა ლუჩანო სპალეტის ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელად გამოაცხადებენ. და ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ არსებობს საკონტრაქტო პუნქტი, რომელიც მას „ნაპოლისთან” აკავშირებს.
სპალეტი ფედერაციის სიაში ყოველთვის პირველი იყო. მისი ნაკრების სათავეში დანიშვნა იქნება დაფასება იმ მერიოკრატიისა (ხალხის დაწინაურება ნიჭისა და უნარის მიხედვით) და უზარმაზარი სამუშაოსი, რომელიც „ნაპოლიში” გაწია და გუნდს სკუდეტო მოაგებინა.
ფედერაციას სამწლიანი კონტრაქტი უკვე მზად აქვს. ხელშეკრულება საბოლოო თანხმობას და გამოცხადებასღა ელის”.