ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა!
56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ კონკურენტ რუმინეთს.
ეს 50-ქულიანი სხვაობა იმისთანა ნაპრალია ამ გუნდების დონეებს შორის, რომ „მსოფლიო რაგბის“ მესვეურებს უნდა შერცხვეთ ქართველთათვის ამისთანა სპარინგ-პარტნიორის შერჩევისთვის.
სარაგბო ეთიკას რა ვუყოთ, თორემ 56:6 გამარჯვება კი არა, სწორედ ისაა, რასაც საფეხბურთო ტერმინოლოგიაში ასე ფართოდ გამოიყენება. საბრალო რუმინელები თითქოს სატვირთო მატარებლის ქვეშ მოექცნენ და თამაშის ბოლოს შესაბამისადაც გამოიყურებოდნენ…
რუმინელებმა ერთი კვირის წინ აშშ-ის ნაკრებთან საშინაო მატჩში შერცხვნენ, არადა „სტეჟარები“ მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ოკეანისგაღმელები კი უბრალო ტესტს მართავდნენ. ჩვენს შემთხვევაში ამ მხრივ თანაფარდობა იყი და თავდაპირველად სათამაშო მოედანზეც მსგავსი ვითარებაც სუფევდა. მსოფლიო რაგბის ალბათ საუკეთესო დღევანდელმა რეფერიმ უეინ ბარნსმა ჩვენი შერკინება აითვალწუნა და რამდენჯერმე დაგვაჯარიმა. ერთ-ერთი ასეთი მომენტი იონელ მელინტემ დასარტყმელად გამოიყენა და არ ააცილა. ეს მე-2 წუთზე მოხდა. ორიოდე წუთში კი გელა აფრასიძე მარჯვენა ფრთაზე აფეთქდა და ლამაზი ლელო დადო. გელას ალბათ თავადაც აღარ ახსოვდა, ნაკრებში ქულები ბოლოს როდის დააგროვა, ხოდა მას მერე, რაც ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა და ანგარიში 7:3 გახადა, ხოლო მე-13 წუთზე მანვე ჯარიმა გაიტანა, კვლავ გელას გაბრწყინების დრო დადგა.
„მონპელიედან“ „ბაიონში“ ახლახან გადაბარგებულმა 9 ნომერმა თავისი საფირმო, 55-მეტრიანი დარტყმა შეასრულა და ბურთი ძელებს შორის გააძვრინა – 13:3.
რუმინელები ჯერ არ ნებდებოდნენ და მელინტეს კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით სხვაობა გარდასახული ლელოს დისტანციამდე დაიყვანა – 6:13. იმ მომენტში ვერავინ იფიქრებდა, რომ ამის მეტ ქულას სტუმრები ვეღარ დააგროვებდნენ, მაგრამ ზუსტად ასე კი მოხდა.
ტაიმის ბოლომდე მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ თითო ლელო მიითვალეს, რომელთაგან მატკავამ მხოლოდ პირველი გარდასახა და გუნდები შესვენებაზე 25:6-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში კი ქართველთა უზარმაზარი უპირატესობა ამოვიდა ზედაპირზე. ნათელი გახდა, რომ რუმინულ რაგბში აშკარა რეგრესის ხანაა, ხოლო ქართული რაგბი არნახულ აღმავლობაზეა.
მიხეილ გაჩეჩილაძემ, აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა მატკავამ, შალვა მამუკაშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ ერთი მეორეზე ლამაზი 5 უპასუხო ლელო გაიტანეს, მატკავამ 3 მათგანი გარდასახა და ასე მივიღეთ 56 ქათული ქულა!
ახლა კი რეკორდებზე:ა ქამდე რუმინელთათვის 56 ქულა არასდროს გაუტანიათ ბორჯღალოსნებს. ცხადია, 50-ქულიანი სხვაობაც საოცარი შედეგია, 8 ლელო ხომ სულ მთლად სასწაულია! მაგრამ იყო ინდივიდუალური რეკორდიც – აკა ტაბუცაძემ ბორჯღალიანი კვართით 28-ე ლელო მიითვალა და ამით ლეგენდარული მამუკა გორგოძის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ ფენომენალურ და მიუწვდომელ რეკორდად გამოიყურებოდა! ვულოცავთ აკას ამ საოცარ რეკორდს და იმის გათვალისწინებით, რომ ის ჯერ სულ რაღაც 26 წლისაა, მომავალი ციფრები მართლაც მიუწვდომელი სიმაღლეების აღმნიშვნელი იქნება!
კიდევ აღსანიშნავი იყო შალვა მამუკაშვილის 98-ე კეპი – ცენტურიონის საპატიო წოდებამდე 2 ნაბიჯიღა რჩება და არაა გამორიცხული, რომ „შადრემ“ ეს ტიტული „მარიფილდზე“, შოტლანდიასთან, 26 აგვისტოს მიიღოს.
მანამდე კი, 19-ში, იგივე „მესხზე“, სტუმრად აშშ-ის ნაკრებს ველით.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ლაშხმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, თანაც სად, არ იკითხავთ? მისი ბაბუის სახელობის სტადიონზე – ოთო ხომ დიადი მიშა მესხის შვილიშვილია!
დაბოლოს, ანთიმოზ ივერიელის თასი, ცხადია, საქართველოს დარჩა. 2017-ში რუმინელებმა უკანასკნელად დაისაკუთრეს დიდი განმანათლებლის, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწის სახელობის თასი, რომელიც ქართველი იყო და სახელი რუმინეთში მოღვაწეობით გაითქვა. მას მერე ეს ლამაზი თასი თბილისშია. ცნობისთვის: თავის დროზე ამ საზიარო ჯილდოს დაწესების იდეა სარბიელელებს – ლევან კელაურაძეს და ზაალ გიგინეიშვილს გაუჩნდათ…