Thibaut Courtois ruled out for entire 2023-24 season following ACL injury  diagnosis - Football Españaხუთშაბათს „რეალის” გულშემატკივრები დაზაფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ მეკარე ტიბო კურტუა დაშავდა და 2023-24 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. ბელგიელი „თეთრების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემდეგ გუნდის კარს საიმედოდ იცავს.

კურტუას დაშავების შემდეგ „რეალმა” გადაწყვიტა სატრანსფერო ბაზარს მიაშუროს, რადგან კარლო ანჩელოტი ანდრეი ლუნინზე დაყრდნობას არ აპირებს. მეტიც, „რეალი” ამ ზაფხულში ლუნინის გაყიდვას ფიქრობდა. ამის მიუხედავად, შაბათს, ბილბაოში, „ლოს ბლანკოსის” კარს მაინც ლუნინი დაიცავს, მაგრამ პარალელურად გუნდი ახალი მეკარის შეძენას შეეცდება. football-espana.net წერს, რომ „რეალის” შეფებმა ხუთკაციანი სია შეადგინეს. ისინი თავიანთ მთავარ გოლკიპერს ამ ხუთეულიდან შეარჩევენ. პორტალი მადრიდელთა ჩამოწერილ სიას გვაცნობს და თითოეული გოლკიპერის დახასიათებას ურთავს.

დავიდ დე ხეა

ფავორიტი დე ხეაა. „ატლეტიკოს” ყოფილი მეკარე ჯერჯერობით უგუნდოდ არის. მან „მანჩესტერ იუნატედთან” საერთო ენა ვერ გამონახა, ხელშეკრულება ვერ გაახანგრძლივა და, როგორც ამბობენ, „რეალთანაც” უკვე დაიწყო მოლაპარაკება. ხანმოკლე პერსპექტივაში დე ხეას ვარიანტი საუკეთესო ჩანს, თუმცა არის ეჭვი, რომ ესპანელი უწინდელივით ძლიერად ვეღარ თამაშობს.

იასინ ბონო

ამბობენ, რომ როგორც მეკარე კარლო ანჩელოტის ბონო ურჩევნია. მაროკოელს 2022-23 წლების სეზონი კარგი ჰქონდა როგორც „სევილიაში” ასევე ნაკრებში, მაგრამ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სევილიელთა ახალი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი მას ადრინდელივით ხშირად არ ათამაშებს.

„რეალს” ბონოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც ერთი სეზონის გოლკიპერისთვის ალბათ ძვირია.

კეპა არისაბალაგა

„ჩელსიმ” „ბრაიტონიდან” ესპანელი მეკარე რობერტ სანჩესი შეიძინა და ამიტომ კეპას სავარაუდოდ შეელევა. „ატლეტიკოს” ყოფილი კარის მცველი „რეალს” დე ხეას მსგავსად შეიძლება გამოადგეს, მაგრამ დე ხეასთან ის მსგავსებაც არის, რომ ის ადრე უფრო ძლიერი იყო. გარდა ამისა, კეპას შეძენას გარკვეული თანხაც დასჭირდება. არავინ იცის ღირს თუ არა მისი გამეტება.

გიორგი მამარდაშვილი

მას მერე, რაც „ვალენსიას” კარში დამკვიდრდა, მამარდაშვილი „ღამურების” საუკეთესო მოთამაშეა და ორი აზრი არ არსებობს, რომ წინ ჩინებული მომავალი ელის. შესაბამისად, მისი მომდევნო დიდი ნაბიჯი შეიძლება „რეალის” კარში ჩადგომა იყოს, მაგრამ შესაძლოა ეს ნაბიჯი სწორი არც ერთი მხარისთვის აღმოჩნდეს და არც მეორისთვის. ქართველი 22 წლისაა ანუ ის ჯერ კარიერის დასაწყისშია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კურტუა გამოჯანმრთელების შემდეგ კიდევ არაერთ წელიწადს ითამაშებს, მამარდაშვილისთვის „ლოს ბლანკოსში” გადასვლას შესაძლოა აზრი არ ჰქონდეს, „რეალს” კი ის ძვირი დაუჯდება.

დომინიკ ლივაკოვიჩი

ლივაკოვიჩმა ბოლო დღეებში ყველას დაუმტკიცა, რომ შესანიშნავი მეკარეა და ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა ტოპ-ხუთი ლიგიდან ერთ-ერთში. ზაგრების „დინამოდან” „რეალში” გადაბარგება მისთვის უთუოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ისევე როგორც მამარდაშვილს, არც მას ესიამოვნება გაისად კურტუას დაბრუნების შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.

„რეალს” კი ლივაკოვიჩის ყიდვა შედარებით იაფი დაუჯდება. თან ლივაკოვიჩი ლუნინზე მნიშვნელოვნად ძლიერი მეკარეა და მადრიდელებისთვის ასეთი კაცის თადარიგში ყოლა მომგებიანი იქნებოდა.