„ნაპოლის” მარცხენა მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TVPlay-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა:
„მინდა ნათელი მოვფინო რამდენიმე საკითხს. მე, როგორც მარიო რუის აგენტი ჩემი კლიენტისთვის ტრანსფერს არ ვეძებდი. მას კარიერის გაგრძელება „ნაპოლიში” სურს. სხვა აზრი არც ჰქონია. ჩვენ უბრალოდ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება გვინდოდა და დარჩენილი ორი წლის ხელფასის მცირედ შემცირებაზეც კი ვიყავით თანახმა, რაც ჩემპიონობის შემდეგ ძალიან უჩვეულო რამ არის. ჩვეულებრივ, როდესაც გუნდი ჩემპიონი ხდება, მის ფეხბურთელებს გასამრჯელოს უმატებენ. და მაინც, ჩვენი ნაბიჯით გვინდოდა ხალხს გაეგო, რომ „ნაპოლი” გვიყვარს.
ამის შესახებ მე პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ველაპარაკე. ველოდი, რომ დე ლაურენტისი კმაყოფილი დარჩებოდა, სინამდვილეში კი სხვა რამ მოხდა. პრეზიდენტთან რამდენიმე პირადი და სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელთაგან ზოგი საკმაოდ გაცხოველებულიც კი გამოვიდა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მას ჩემი კლიენტის ფასი არ ესმის.
ეს აბსურდულად მეჩვენა, რადგან სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, მარიო რუი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. მაშინ, მე შევატყობინე როგორც დე ლაურენტისს, ასევე გუნდის მწვრთნელს, რომ თუ კარგ შემოთავაზებას მივიღებთ, კლუბის გამოცვლაზე დავფიქრდებით. თუ ასეთი შემოთავაზება არ გამოჩნდება, მაშინ „ნაპოლიში” დავრჩებით, მაგრამ ისედაც უკმაყოფილოთა კლუბს კიდევ ერთი უკმაყოფილო ფეხბურთელი დაემატება.
მე „ნაპოლის” პრეზიდენტს დიდ პატივს ვცემ. ამ კლუბში ჩემს კლიენტს უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნებით, მაგრამ, მეორე მხრივ ვალდებული ვარ ჩემი კლიენტი და მისი ფასი დავიცვა. სანამ აგენტი ვარ, ყველაფერზე მაღლა სწორედ კლიენტების ინტერესს დავაყენებ.
მარიო რუის შეძენა სხვადასხვა კლუბებს სურდათ, მაგრამ ჩვენ ამ წინადადებებს არც კი განვიხილავდით. მე ნებისმერ პრეზიდენტს ან დირექტორს შემიძლია ვეჩხუბო, მაგრამ თუ ჭკვიანურ რამეს შემომთავაზებენ, ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. მინდა გავილაშქრო იმ მოსაზრების წინააღმდეგ, თითქოს აგენტები ფეხბურთის ბოროტებას წარმოადგენენ. მე მაგალითად ჯოვანი დი ლორენცოს კონტრაქტი ისე განვაახლე, რომ საკომისიო არ ამიღია. იგივე მინდა გავაკეთო მარიო რუის შემთხვევაში. მინდოდა კონკრეტული ნაბიჯებით მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა სცე პატივი ისეთ კლუბს, როგორიც არის „ნაპოლი”, რომელიც თავის მხრივ ჩემი ბევრი კლიენტისთვის ყოფილა მისაწვდომი. მე ყოველთვის დავიცავ ჩემს კლიენტებს ვინმეს მიმართ გაბოროტების გარეშე”.