უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ბოლო დღეს საქართველოს დელეგაციამ ყველა სინჯის მედალი მოიპოვა – ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გარანტირებული ორი მედალი გვქონდა, რადგან, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამჯერადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბექაურმა გაფრთხილებების ხარჯზე იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამო რევანში აიღო.

ფინალამდე ორივე ძიუდოისტმა სამ-სამი მეტოქე დაამარცხა: ბექაურმა ბრიტანელ ჯამალ პიტრეივს იპონით სძლია; ასევე იპონით მოუგო აზერბაიჯანელ მურად ფატიევს, ხოლო ნახევარფინალში – დავლათ ბობონოვს.

მაისურაძემ კი, მიყოლებით დაამარცხა ყაზახი დიდარ ჰამზა, უზბეკი ჯაჰონდირ მამატრახიმოვი და იტალიელ კრისტიან პარლატი.

100 კგ-ში ილია სულამანიძემ მერვედფინალში იაპონელი აარონ ვულფი დაამარცხა, მეოთხედფინალში – ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი. თუმცა, ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკთან წააგო და მხოლოდ ბრინჯაოს ერგო, რადგან მესამე ადგილისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

მძიმე წონაში ბრინჯაოს ერგო გელა ზაალიშვილსაც, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში იაპონელი კოკორო კაგიურა დაამარცხა. მანამდე ზაალიშვილმა კორეელი მინჯონგ კიმი, უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ფინელ მარტი პულანაინეთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გურამ თუშიშვილს მოუგო.

თუშიშვილი უმედლოდ დარჩა, ისევე როგორც ონისე სანებლიძე (100), საბა იმანენიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).

ჯამში საქართველოს დელეგაციამ ოქროს, ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.