„ნაპოლის” ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას ტრავმაღა აკლდა. გუშინ კასტელ დი სანგროში მან კუნთი გაიჭიმა და ვარჯიში გამოტოვა. კლუბმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პრეს-რელიზი გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ პინეტა გრანდეს კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ანგისას მარჯვენა ფეხზე სოლეუსის კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება აქვს. კამერუნელმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მას ხელახლა გამოიკვლევენ. ჯერ ვერავინ იტყვის შეძლებს თუ არა ის სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს” წინააღმდეგ თამაშს.

გუშინდელ მეორე ვარჯიშზე კი „ნაპოლის” სტანისლავ ლობოტკაც გამოაკლდა, მაგრამ მის შემთხვევაში მწვრთნელებმა უფრო იფრთხილეს, დატვირთვის დროს მდგომარეობა რომ არ გაუარესებოდა.

ვარჯიშში არ მონაწილეობდნენ აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელია, პიერლუიჯი გოლინი, ვიქტორ ოსიმენი, მარიო რუი და ჯანლუკა გაეტანო.