„ნაპოლის” ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდში ტრავმათა ქარიშხალი დაატყდა — დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დიდი შანსია ეს ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ფრანჩესკო სინატის წასვლით იყოს განპირობებული. საგულისხმოა, რომ სინატის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ საჯაროდ სთხოვა გუნდი არ დაეტოვებინა.
დაშავებათა ჯაჭვში ბოლო რგოლი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის მიწურულს იტკინა ფეხი. მას მარცხენა მუხლზე მყესები გაეჭიმა და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „აუგსბურგთან” ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს ორიოდ დღეში მორიგ სამედიცინო ტესტს ჩაუტარებენ და კლუბი მისი ჯანმრთელობის ამბავს ოფიციალურად შეგვატყობინებს.
napolipiu წერს, რომ ჯერ არ არის ცნობილი რამდენი ხანი გაუცდება ქართველ გარემარბს. მუხლის ტრავმა დელიკატურია და გულისყურით მოპყრობას საჭიროებს.
კვარაცხელიას დაშავება „ნაპოლისთვის” სერიოზული დარტყმაა, რადგან იტალიის ჩემპიონი ერთი ხანია მარიო რუის გამოჯანმრთელებას და რამდენიმე სხვა ფეხბურთელის მიკროტრავმების მოშუშებას ცდილობს. ხვიჩას არყოფნა მწვრთნელ რუდი გარსიას გეგმებს ურევს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იჩენს თავს, თუ ის უფრო სერიოზული გამოდგება ვიდრე ჰგონიათ და მკურნალობა გაჭიანურდება.
ნეაპოლური პორტალი იმედს იტოვებს, რომ სწორი აქიმობის შემთხვევაში გარემარბი შესაძლოა მალე გამოჯანმრთელდეს და ადრინდელზე ძლიერი დაუბრუნდეს გუნდს.
კვარაცხელიას ჯანმრთელობა „აძურის” ქომაგებს იმდენად აინტერესებთ, რომ სხვადასხვა საიტებს არიან მიყურადებულები: რაიმე ახალი ხომ არ დაიწერა. ზოგიერთმა ნეაპოლურმა პორტალმა კი ქართულ საიტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კვარას ტრავმა სერიოზული არ არის და ის მალე გამოჯანმრთელდება.