„პარი სენ ჟერმენში” გვარიანი ქაოსია. კილიან მბაპესა და ლუიშ კამპუშის აბურდულ ამბებს ახალდანიშნული მწვრთნელის ლუის ენრიკეს პრობლემაც დაემატა — „მარკას” თქმით ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა შესაძლოა პარიზული კლუბი დატოვოს.
როგორც მადრიდული გამოცემა წერს, ლუის ენრიკე აღშფოთებულია. ის ხედავს, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს საკითხს ვერ აბამს თავს. პარიზელთა მრისხანე თავდამსხმელმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. ასევე შეიძლება წავიდეს კამპუში, დირექტორი, რომელთან ერთადაც ენრიკე ახალი გუნდის აშენებას აპირებდა.
გეგონება ჩამოთვლილი პრობლემები საკმარისი არ ყოფილიყო, პირადი მიზეზების გამო წასვლას აპირებს ესპანელი მწვრთნელის მარჯვენა ხელი რაფაელ პოლი. არადა, საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი — 12 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენს” უკვე პირველი მატჩი აქვს.
ყველაზე მეტად ენრიკე, როგორც ჩანს, მბაპეს შესაძლო წასვლას განიცდის. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი და 2022 წლის ვიცე ჩემპიონი კი გაჯიუტებულია, „რეალში” უნდა გადასვლა. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მბაპე მადრიდში ვერ გადაბარგდება, ის „პარკ დე პრენსზე” არ დარჩება. ამა ისტორიასთან ჯაჭვურ რეაქციაშია კამპუშის ამბავი, რომელმაც 24 წლის თავდამსხმელს აღვირი ვერ ამოსდო და ამით კლუბის პრეზიდენტი ნასირ ალ-ხელაიფი გააბრაზა. ყატარელი ბიზნესმენი ყველაფერს პორტუგალიელს აბრალებს. თავის მხრივ ამ არეულობის შემყურეს ენრიკეს მოეშალა ნერვები და უკვე გაქცევაზეა.