ქართულ ფეხბურთს სინდისი ამ ჯერზეც გორის „დილამ“ მოწმინდა…
გორის სავსე სტადიონზე, კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, „დილამ“ პოლტავის „ვორსკლას“ 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა – 1:2) და ქართული გუნდებიდან შემდგომ ეტაპზე ერთადერთი გავიდა.
მატჩის გმირი ბარბადოსელი ტიერი გეილი გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
პირველი ტაიმი დილას დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თავად განსაჯეთ – 73%-27% გორელთა სასარგებლოდ. თუმცა, სახოფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.
სტუმართა კართან პირველი ხიფათი 22-ე წუთზე შეიქმნა, როცა მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევისას მიკოლა კოვტალიუკი ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ სტუმარი მცველების გარემოცვაში ბურთი ვერ დაიმორჩილა.
ტაიმის მიწურულს გორელებს შეუპოვრობა დაუფასდათ, საჯარიმოს გარედან ბრაზილიელი ალეფ სანტოსის დარტყმული ხარიხას მოხვდა და გამოვარდნილ ბურთზე საჯარიმოში ყველას ოთარ ფარულავამ დაასწრო – 1:0.
შემდეგ იყო სამწუთიანი მონაკვეთი, როცა გუნდებმა გოლები გაცვალეს: 71-ზე გეილმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კოვტალიუკი და უკრაინელს გატანა არ გასჭირვებია – 2:0. თუმცა, მალევე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა და რუსლან სტეპანიუკმა ერთი ბურთი გაქვითა.
86-ე წუთზე კი თორნიკე ძოწენიძის გრძელი პასი საკუთარი ნახევრიდან, გეილმა მესამე გოლად აქცია – 3:1.
დილა მესამე რაუდში კვიპროსის „აპოელს“ შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრები ფეხბურთელები – ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.