კასტელ დი სანგროში „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკის მარჯვენა მუხლზე ბლომად ყინულის დადება მოუხდა. ის ვარჯიშის დროს შუა მოედანზე გაჩერდა, შემდეგ თანაგუნდელები დატოვა, სკამზე ჩამოჯდა და ბოლოს გასახდელისკენ გაეშურა.

„ილ მატინო” წერს, რომ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჟელინსკის მდგომარეობას დღეს კლუბის ექიმები მაინც შეისწავლიან. მეორე მხრივ ფაქტია, რომ რუდი გარსიას ფეხბურთელები აკლია. მარიო რუი და ჯანლუკა გაეტანო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ, დიეგო დემემ და ელიფ ელმასმა კი ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშეს, ხოლო ნაწილობრივ ინდივიდუალურ პროგრამას მისდიეს. სამაგიეროდ ჯანმრთელად არის სლოვაკი სტანისლავ ლობოტკა, რომელმაც მთელი ვარჯიში სრული დატვირთით ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ლობოტკამ „ჰათაისფორთან” შეხვედრა (4:0) გამოტოვა, თუმცა კატალონიელებთან მოედანზე იქნება.

ამასობაში კი „ნაპოლიმ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მისი ახალი ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. 2022 წლის აგვისტოში თავდამსხმელი „ნაპოლის” „სასუოლოდან” იჯარის წესით შეუერთდა. ხელშეკრულებაში იყო პუნქტი გამოსყიდვის შესახებ, რომლითაც „აძურის” შეფებმა ისარგებლეს. რასპადორიმ გასულ სეზონში, „ნაპოლის” სასარგებლოდ, 35 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.