Rudi Garcia , head coach of SSC Napoli, and Victor Osimhen of SSC Napoli are seen during the pre-season friendly football match between SSC Napoli...ინფორმაცია, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგულმა „ეკიპმა” გაავრცელა, შემდეგ კი იგივე თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა „სქაი სპორტმაც” თქვა: საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი” მზად არის ვიქტორ ოსიმენს სეზონში 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ინგლისელების ენაზე, დაახლოებით კვირაში ერთი მილიონი გირვანქაა. იმავდროულად, ხსენებული გამოცემები დასძენენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს 150 მილიონზე ნაკლებად არსად გაუშვებს.

ისე გამოდის, რომ ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონთა მთავარი თემა ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება კი არა, ოსიმენის გარშემო ატეხილი ალიაქოთია. ბოლო მონაცემებით სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი კლუბში დარჩენასთან ახლოს იყო. დაიწერა, რომ მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ დე ლაურენტისთან საერთო ენა გამონახა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ნაპოლი” ოსიმენს კლუბისთვის არნახულ ხელფასს გადაუხდიდა, კონტრაქტში კი დიდ გამოსასყიდ თანხას ჩაუწერდა. ნიგერიელს ახლანდელი ხელშეკრულების ვადა 2025 წელს ეწურება. ახალ შეთანხმებას ის „მარადონაზე” კიდევ ორი წლით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ უეცრად საფრანგეთში დაწერეს, რომ არაბეთიდან ახალი წინადადება წამოვიდა და რიცხვები, რომლებზეც „ნაპოლიში” იყო ლაპარაკი, არაბულ რიცხვებთან ახლოსაც არ არის.

თან, „ალ ჰილალმა” „პარტენოპეელებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯერ 120, ხოლო შემდეგ 140 მილიონი ევრო შესთავაზა.

ნეაპოლური საიტები წერენ (ყოველ შემთხვევაში იმედოვნებენ), რომ მაცთუნებელი წინადადების მიუხედავად დე ლაურენტისი საუდელებს „გმადლობთ, არ მინდა”-ს შეუთვლის, რადგან ოსიმენი რუდი გარსიას გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა.

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ეკიპის” ინფორმაციას წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ გუშინ დე ლაურენტისისა და აგენტი კალენდას დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. არადა, მათ თითქოს ყველაფერი მოგვარებული ჰქონდათ და ხელი ხელს უნდა დაერტყათ. როგორც „სქაი სპორტის” ჟურნალისტი, ტრანსფერების საქმეში ჩახედული ჯანლუკა დი მარცო წერს, დი ლაურენტისის ნაცვლად, კასტელ დი სანგროში ჩასულმა კალენდამ თავისი კლიენტი მოინახულა, თითქოს სპონსორებთან დაკავშირებულ საკითხზე აპირებდა დალაპარაკებას.