„ნაპოლიმ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კასტელ დი სანგროში. რუდი გარსიას გუნდმა თურქულ „ჰათაისფორს” 4:0 მოუგო. „ჰათაისფორში” ორი ქართველი თამაშობდა: საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია. „ნაპოლიში” — ხვიჩა კვარაცხელია.
calciomercato-ს აზრით პირველ ტაიმში იტალიის ჩემპიონთა თამაშში რამდენიმე საინტერესო მომენტი გამოიკვეთა. იტალიურ პორტალს მოეწონა მარჯვენა ფრთა, სადაც ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სიახლე იყო ჯაკომო რასპადორის გამოჩენა ნახევარდაცვაში. ეს სტანისლავ ლობოტკას, ელიფ ელმასის და ჯანლუკა გაეტანოს არყოფნით იყო განპირობებული. „სასუოლოს” ყოფილი ფეხბურთელი კლასიკურ ნახევარმცველზე მეტად შუამავალი გახლდათ ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის. ის ხშირად ვიქტორ ოსიმენის გვერდითაც კი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
„ნაპოლის” გამარჯვება ოსიმენისა და ჯოვანი სიმეონეს ორ-ორმა გოლმა მოუტანა.
შეხვედრის პირველმა ოცდასამმა წუთმა „ნაპოლისთვის” დამახასიათებელ სტილში ჩაიარა, მაგრამ „ჰათაისფორის” კარში გოლი თურქული გუნდის შეცდომას მოჰყვა. მეკარე ერჩე ქარდესლერმა ბურთი თამაგუნდელს ცუდად გადააწოდა, ის პოლიტანომ მოიგო, ოსიმენს გადასცა, ნიგერიელმა კი გაიტანა.
ოსიმენმა ხუთი წუთის შემდეგ მეორეც შეაგდო. კვარაცხელიამ მისი პოზოცია სწორად შეაფასა, ბურთი მყის ხელსაყრელ ადგილას გადააწოდა და ფორვარდმაც ტექნიკური დარტყმით მიზანს მიაღწია.
მეორე ტაიმის მე-14 წუთზე გარსიამ მთელი გუნდი შეცვალა. თავდასხმაში ოსიმენი სიმეონემ ჩაანაცვლა და პირველ ტაიმში გატანილ ორ გოლს კიდევ ორი დაამატა: 64-ე წუთზე განვითარდა შეტევა, რომლის დროსაც ალესიო ძერბინმა და კოლი საკომ ბურთი კარში ვერ „შეტენეს”, არგენტინელმა კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ექვსი წუთის შემდეგ მანვე იარა საჯარიმოს მისადგომებიდან, ორ მეტოქეს გაუმკლავდა და ეფექტური დარტყმით ბურთი ბადეში ჩაუშვა.
calciomercato ნეაპოლელთაგან ამ შეხვედრაში ოთხ ფეხბურთელს გამოარჩევს: ოსიმენს, რომელსაც მატჩის უპირობო ვარსკვლავს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრაში, რომელშიც ცოტა მომენტი ჰქონდა, ორი გოლი შეაგდო; კვარაცხელიას, რომელსაც „ჰათაი სფორის” მცველთა გაწამება და საგოლე პასი მოუწონა; სიმეონეს გასაგები მიზეზების გამო და პოლიტანოს, რომელმაც დი ლორენცოსთან კარგად ააწყო თამაში და პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა. ამ დღის ყველაზე ცუდ მოთამაშედ კი საიტმა ძერბინი დაასახელა. მან ბევრი შეცდომა დაუშვა და რამდენიმე საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან.