ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” შეთანხმებას მიაღწია. როგორც Areanapoli.it-ის სარედაქციო საბჭომ შეიტყო, საკითხი გუშინ საღამოს მოგვარდა. ნიგერიელი თანახმაა გააგრძელოს თანამშრომლობა კლუბთან, რომლის წყალობითაც ის მსოფლიოში ცნობილ ფორვარდად იქცა.
„პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის საკითხზე საგანგებო ჯგუფთან და კონტრაქტების სპეციალისტ ანდრეა კიაველისთან ერთად მუშაობდა. ფეხბურთელის მხარეს აგენტი რობერტო კალენდა ხელმძღვანელობდა. ოფიციალური ინფორმაცია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. Areanapoli დარწმუნებულია, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელთან შეთანხმების ამბავს გულშემატკივარს კასტელ დი სანგროდან მისთვის ჩვეული ზარ-ზეიმით აცნობებს.
როგორც ცნობილი გახდა, ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობის 2027 წლამდე გახალნგრძლივებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ოსიმენის წინა კონტრაქტი 2025 წლამდე იყო ძალაში. რაც შეეხება ხელფასს, ის „ნაპოლის” კვალობაზე (და ალბათ ზოგადადაც) ძალიან დიდია: ფეხბურთელი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ყოველწლიური ბონუსები დაემატება. ასეთი გასამრჯელო „ნაპოლის” ფეხბურთელთა შორის სხვას რომ არავის ექნება, ეს ფაქტია.
Areanapoli წერს, რომ ხელშეკრულებაში განსაკუთრებული სიახლე დიდი გამოსასყიდი თანხაა. ამბობენ, რომ პატრონს ამ რიცხვის ოსიმენის კონტრაქტში შეტანა არც კი უნდოდა, მაგრამ ფეხბურთელის წარმომადგენელთა სიჯიუტეს ვერაფერი მოუხერხა. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონ ევროს უდრის და მისი „ნაპოლისთვის” შეთავაზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2024 წლის ივლისიდან.
ამბობენ, რომ ნიგერიელს „ნაპოლის” დატოვება არ უნდოდა და ამის გათვალისწინებით, მისმა აგენტმა მაქსიმუმი გამოადნო — ოსიმენი სასურველ კლუბში დატოვა, რომელსაც თავისი კლიენტისთვის სანატრელი ხელფასი დაანიშნინა. დე ლაურენტისმა, თავის მხრივ, ყველას დაანახა, რომ თვალი ფეხბურთელების გაყიდვაზე კი არა, გუნდის გაძლიერებაზე უჭირავს. ის ამბობდა, რომ ახალი სეზონი V ანუ ვიქტორიას ნიშნით უნდა დაიწყოს, ეს კი ლათინურად გამარჯვებას ნიშნავს და თან ოსიმენის სახელიცაა.