Kim rewarded with comradesნათქვამია, ნეაპოლს თუ ნახავ, მერე შეგიძლია მოკვდეო. არის ხალხი, ვისთვის ნეაპოლი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ასეთ ხალხს განეკუთვნება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჯაე, რომელიც ამ ზაფხულს „ნაპოლიდან” „ბაიერნში” გადავიდა. კიმმა კორეულ naver.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა:

…როდესაც საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი პრიზი მივიღე, მინდოდა ის გამეყო კვარასთვის, ოსიმენისთვის და მთელი დანარჩენი გუნდისთვის. სანამ ცოცხალი ვარ „ნაპოლი” და მისი გულშემატკივრები არ დამავიწყდება. ყურებიდან არ ამომდის როგორც ყვიროდნენ ისინი ჩემს გასამხნევებლად: კიმ! კიმ! კიმ!…

…ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტს დარბოდა, ყველაზე მეტს მუშაობდა და არასდროს ნებდებოდა გახლდათ ჯოვანი დი ლორენცო. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. რამდენ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა და ერთხელაც არ დაუჩივლია…

…ოსიმენი? ის ძლიერია, მცველების დაჩაგვრა უყვარს. მის წინააღმდეგ თამაშს არ ვისურვებდი. მაშინაც კი, როდესაც მცველი შორს არის, ის თითქოს მისდევს და „ბულინგს” უწყობს. არადა, წესით პირიქით უნდა იყოს. ჩვეულებრივ მცველები დასდევენ თავდამსხმელებს და „ბულინგს” ისინი უწყობენ…

…ლუჩანო სპალეტის ინგლისურად ველაპარაკებოდი. ის ინგლისურად კარგად ლაპარაკობს (იცინის). ვხუმრობ, ის იტალიელია და ლაპარაკში ჟესტებს და ინტონაციას ვიშველიებდით. მახსოვს, ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ მე ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვიყავი. ამაზე უკეთეს სიტყვებს ვერ მოვისმენდი. როდესაც პირველად დავილაპარაკეთ, მაშინვე მივხვდი, რომ „ნაპოლი” სწორი არჩევანი იყო.