„ვორლდ რაგბის“ მსოფლიო რეიტინგს ტექტონიკური ძვრების ხანა უდგას. ჯერ იყო და, რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე ოთხ ერში არგენტინამ ავსტრალიას მოუგო და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე „ვოლაბები“ მე-8 საფეხურზე ჩამოაჩოჩა და თავად მე-7 ადგილზე ავიდა.
გასულ შაბათს კი სამხრეთ ნახევარსფეროშივე სტარტი აიღო „პასიფიკ ნეიშენს კაპმა“ – წყნარი ოკეანის ერთა თასმა. აი იქ კი უფრო მასშტაბური მოულოდნელობა მოხდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ასე გაგრძელდება მომდებნო უქმეებზეც.
ფიჯიმ ტონგას უმასპინძლა და 36:20 დაამარცხა, თანაც 5 ლელო გაუტანა, რამაც ბონუსი შესძინა. ეს ლოგიკური შედეგი იყო. მაგრამ მეორე მატჩში…
იაპონიის ქალაქ საპოროში „მამაცმა საკურებმა“ სამოა მიიღეს და მაგრადაც დაიწყეს – ტაიმის შუისთვის 10:0 იგებდნენ. მაგრამ 30-ეზე იაპონელთა კაპიტანმა და ლიდერმა მაიკლ ლიჩმა უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი გაწირა.
საბოლოოდ, ობიექტურად უფრო სუსტმა სამოელებმა დიდი ძალისხმევის შედეგად სასწორის პინა თავისკენ გადაწონეს და 24:22 დაამარცხეს კაცნაკლული იაპონელები. ინტრიგა კი იმაში იყო, რომ ამ გამარჯვებით სამოელებმა რეიტინგში მე-12 ადგილიდან მეათეზე ისკუპეს, იაპონელებმა კი პირიქით – მე-10 მე-12-ში გაცვალეს. საგულისხმოა, რომ შუაში, მე-11 ადგილზე საქართველოს ნაკრები როგორც იყო, ისევე უცვლელად დარჩა.
დამდეგ შაბათს კი ყველაფერი დიდი ალბთობით კიდევ ერთხელ აირევა – ფიჯელები სამოას ესტუმრებიან და თუ მოიგებენ, ათეულში ამ ჯერზე სწორედ ისინი შეაღწევენ – მე-13 ადგილიდან დაწინაურდებიან, საქართველოსა და იაპონიას მოიტოვებნე უკან, ცხადია, სამოასაც. იმავე დღეს იაპონია კვლავ შინ ტონგას უმასპინძლებს, რომელთან მოგებაც მას ვერაფერს შემატებს.
ტურნირის დასკვნითი უქმეები კი ნამდვილი კულმინაცია იქნება – იაპონია მესამედაც შინ ითამაშებს, ამჯერად ფიჯელებთან და იქ რეიტინგში მორიგი ქარიშხალი წარმოიქმნება. პარალელურად სამოა ტონგას მიიღებს და…
მოკლედ, საქართველოს ნაკრები მყარ მე-11 ადგილზეა და ამ ტურნირის შედეგებით ათეულში ვერანაირად შეაღწევს. აი, სად გაგახსენდება კაცს შარშანდელი გაუთვალისწინებელი მარცხი სამოასთან…
აქვე გთავაზობთ 24 ივლისს განახლებული რეიტინგის მოწინავე 15-ეულს:
- ირლანდია 91.82
- საფრანგეთი 90.47
- ახალი ზელანდია 90.32
- სამხრეთ აფრიკა 88.34
- შოტლანდია 82.77
- ინგლისი 82.12
- არგენტინა 81.49
- ავსტრალია 80.32
- უელსი 78.08
- სამოა 77.46
- საქართველო 76.23
- იაპონია 75.96
- ფიჯი 75.35
- იტალია 74.63
- ტონგა 70.70